Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები ევრორეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობის გაზრდას ითხოვენ


ფოტოილუსტრაცია: ევროკავშირის დროშა
ფოტოილუსტრაცია: ევროკავშირის დროშა

10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის მიმართავენ და ევრორეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობის გაზრდას სთხოვენ.

"მოცემულ ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ევროკომისიის მხრიდან გაიზარდოს რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა, რაც მათ შორის ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით, შედეგზე ორიენტირებული რეფორმებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობის რეალური პრობლემის წინააღმდეგ მიმართვას მოითხოვს...

რეკომენდაციების შესრულების პროცესში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შუალედური ნიშნულებისა და ვადების შემოტანა, რაც თავის მხრივ, აამაღლებს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების ხარისხს და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას", - წერია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "ღია საზოგადოების ფონდი", "საქართველოს სასამართლოს გუშაგი", "დემოკრატიის მცველები", "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", "ევროპულ-ქართული ინსტიტუტი", "სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი", კავშირი "საფარი", "ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)-საქართველო", "მედიის განვითარების ფონდი", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი".

საქართველოს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რომელიც წინაპირობაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რამდენიმეთვიანი ვადა აქვს.

XS
SM
MD
LG