Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაც მეტი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს რადიკალური ოპოზიციიდან, მით უკეთესი - ირაკლი კობახიძე


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის პარლამენტში დარჩენაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "უკეთესია, თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს.

"რადიკალური ოპოზიცია თუ დატოვებს პარლამენტს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, უკეთესი, თუნდაც საპარლამენტო პროცესების განვითარებისთვის. სულ რაღაც რამდენიმე რადიკალმა დატოვა პარლამენტი. ესენი იყვნენ იგივე [ნიკა] მელია, [მამუკა] ხაზარაძე, [ნონა] მამულაშვილი და უკვე დადებითად დაეტყო პარლამენტის საქმიანობას. რაც მეტი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს რადიკალური ოპოზიციიდან, მით უკეთესი, რომ შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი", - უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მანამდე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში დარჩენა-არდარჩენის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განაჩენის მიხედვით უნდა მიიღონ.

"[იუსტიციის მინისტრი] რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფოს, მის საუკეთესო ინტერესებს და მის მომავალს. ისევე როგორც, მიზანმიმართულად დააზიანა სახელმწიფო ძალიან ბევრმა ადამიანმა, როდესაც ზვიად გამსახურდიას კლავდნენ. იმავეს აკეთებს რატი ბრეგაძე, იმავეს აკეთებენ "ქართული ოცნების" დეპუტატები.

მიმაჩნია, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა პარლამენტში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო, იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს", - თქვა ნიკა მელიამ.

დღევანდელ, 14 დეკემბრის სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არარსებობის მიზეზით ვერ ჩართო დისტანციურად.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. პირველი სასამართლო სხდომა წინა კვირაში გაიმართა.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. "სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.

XS
SM
MD
LG