Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ბელარუსის შეჭრის ალბათობა უკიდურესად დაბალია - ISW


საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის არმიის ნაწილები ბელარუსის ტერიტორიაზე
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის არმიის ნაწილები ბელარუსის ტერიტორიაზე

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW) თავის ყოველდღიურ მიმოხილვაში დეტალურად განიხილავს უკრაინის ომში ბელარუსის შესაძლო მონაწილეობის საკითხს და დაასკვნის, რომ მინსკზე მოსკოვის ზეწოლამ უკუშედეგი გამოიღო და ბელარუსის ჩართვის ალბათობა ომში უკიდურესად დაბალია.

"რუსეთის ხელისუფლება „საინფორმაციო ოპერაციებს“ ატარებს მინიშნებებით ბელარუსის არმიის უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ. ამ კამპანიას ზოგჯერ ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკაც ჰყვება ხოლმე". ამგვარი“ ოპერაციების" მიზნად ISW მიიჩნევს რუსეთის მცდელობად, აიძულოს უკრაინა შეინარჩუნოს თავისი ჯარის ნაწილები ბელარუსის მიმართულებით და ხელი შეუშალოს მას პოზიციების განმტკიცებაში ბრძოლის სხვა მონაკვეთებზე.

ამასთან ნაკლებსავარაუდოა, განჭვრეტად მომავალში ბელარუსი უკრაინაში შეიჭრას, როგორიც არ უნდა იყოს „საინფორმაციო ოპერაციების“ შინაარსი, დარწმუნებული არიან ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები. მათ მოსაზრებით, კრემლის ნაბიჯები მიმართულია იმისკენ, რომ აიძულოს მინსკი, მხარი დაუჭიროს რუსეთის შეტევით კამპანიას და წარმოადგენს რუსეთის გრძელვადიან ძალისხმევას ბელარუსზე კონტროლის გასამყარებლად.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთი ბელარუსში მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნას და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებზე კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად. დეკემბრის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ლუკაშენკას შეხვდა - სავარაუდოდ, თავდაცვის სფეროში არა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობების გასამყარებლად, არამედ ასევე ბელარუსზე ზეწოლის გასაძლიერებლად და როგორც ISW-ს ექსპერტები მიიჩნევენ, ამის მიზანი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომი მხარდაჭერის მოპოვებაა.

თებერვალში ლუკაშენკამ რუსეთს თავისი ქვეყნის ტერიტორიები, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახმელეთო კავშირები შესთავაზა უკრაინაში შეჭრისთვის მოსამზადებლად, ის რუსეთს თავის საჰაერო სივრცესაც უთმობს, მეორე მხრივ, ეს ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს საკუთარი სამხედრო ოპერაციების წარმოების შესაძლებლობას უმცირებს, მიიჩნევენ ანალიტიკოსები.

ინსტიტუტი ბელარუსულ წყაროებს ეყრდნობა, რომელთა თანახმადაც, მინსკმა რუსეთს Т-72А ტიპის 100 ტანკი გადასცა თითქოს მოდერნიზაციისთვის. იგივე წყარო 60 ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემის შესახებ საუბრობს. თუმცა უცნობია, რუსეთში მოდერნიზაციის მოტივით გაგზავნილი ეს ტექნიკა საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო თუ ამ დრომდე ინახება. თუმცა, ინსტიტუტის ექსპერტების განცხადებით, ეს მინსკს, ნებისმიერ შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის საშუალებას უმცირებს.

რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის გადაცემით ბელარუსი ასევე იმცირებს საკუთარ მარაგებს, აცხადებენ ანალიტიკური ცენტრის ექსპერტები უკრაინულ სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით.

ბელარუსის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, ასევე შეზღუდულია პერსონალის მომზადების შესაძლებლობით, რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრაში მხარდაჭერის გამო. ბელარუსი სამხედროები მობილიზებული რუსების მომზადებაშიც მონაწილეობდნენ.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლუკაშენკას ომისადმი მხარდაჭერა და რუსეთის ზეწოლა ბელარუსზე, სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ, ბელარუსის შეიარაღებულ ძალებში რყევებს გამოიწვევს. "ბელარუსმა სამხედროებმა, რა თქმა უნდა, იციან უკრაინაში რუსული ჯარების მიერ მნიშვნელოვანი დანაკარგების შესახებ და არ სურთ ამ დანაკარგების ნაწილი იყვნენ".

"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ექსპერტების მოსაზრებით, არსებულ ვითარებაში ლუკაშენკა რუსეთის ზეწოლის საწინააღმდეგოდ ირწმუნება, რომ ნატო ბელარუსზე თავდასხმისთვის ემზადება.

"ასევე ნაკლებსავარაუდოა, ბელარუსი უკრაინაში შეიჭრას ქვეყნის შიგნით არსებული დინამიკის გამო",- აჯამებს ISW. "ლუკაშენკამ იცის, რომ შეჭრა შეარყევს მისი, როგორც სუვერენული ქვეყნის ლიდერის ავტორიტეტს, რადგან გამოაშკარავდება, რომ წარმატებით დაგვირგვინდა რუსეთის ძალისხმევა ბელარუსზე სრული კონტროლის უზრუნველსაყოფად", - დაასკვნიან "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანალიტიკოსები.

XS
SM
MD
LG