Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კოსოვოში ადგილობრივი სერბები მეორე დღეა ხერგავენ გზებს


ჩაკეტილი გზა ჩრდილოეთ კოსოვოში. 11 დეკემბერი.
ჩაკეტილი გზა ჩრდილოეთ კოსოვოში. 11 დეკემბერი.

კოსოვოს ჩრდილოეთში ადგილობრივი სერბები მეორე დღეა ხერგავენ გზებს. კოსოვოს პოლიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც კოსოვოს ხელისუფლებას ემორჩილებიან, განაცხადეს, რომ წუხელ ღამით უცნობმა პირებმა მათ რამდენჯერმე გაუხსნეს ცეცხლი. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კოსოვოს პოლიციამ კოსოვოსა და სერბეთს შორის ორი საავტომობილო სასაზღვრო პუნქტი ჩაკეტა.

ჩრდილოეთ კოსოვოში ვითარება დაიძაბა ყოფილი სერბი პოლიციელის, დეიან პანტიჩის, დაკავების შემდეგ. ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს ხელისუფლებამ მას ბრალი დასდო ძალადობაში მოხელეების მიმართ, რომლებიც ჩრდილოეთ კოსოვოს ადგილობრივი ორგანოების არჩევნებს ამზადებდნენ. მრავალი კოსოვოელი სერბი აპროტესტებს ამ არჩევნებს. არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც კოსოვოს ხელისუფლების ორგანოები დატოვა 600-მდე სერბმა წარმომადგენელმა, რომლებმაც გააპროტესტეს მთავრობის გადაწყვეტილება, არ იქნეს აღიარებული ავტომობილების სერბული სანომრე ნიშნები.

ჩრდილოეთ კოსოვოში უკანასკნელ დღეებში გაგზავნილია პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი, რომელშიც ძირითადად ეთნიკური ალბანელები შედიან. ეს კიდევ ერთი საბაბი გახდა ადგილობრივი სერბების მხრიდან საპროტესტო გამოსვლებისთვის. კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი დაიმუქრა, რომ გზებზე მოწყობილ ბარიკადებს საჭიროების შემთხვევაში ძალით აიღებენ.

არჩევნები თავდაპირველად 18 დეკემბრისთვის იყო დანიშნული, მაგრამ შემდეგ მომავალი წლის აპრილისთვის გადაიტანეს. თუმცა არჩევნების თარიღის შეცვლის შემდეგ სერბების საპროტესტო გამოსვლები მაინც არ ჩამცხრალა.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა კოსოვოში განლაგებულ ნატოს კონტინგენტს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ჩრდილოეთ კოსოვოში სერბი სამხედროებისა და პოლიციელების შეყვანას. ვუჩიჩი აცხადებს, რომ ასეთი უფლება სერბეთს აქვს კოსოვოს კონფლიქტის მოგვარების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1999 წლის რეზოლუციის ძალით. ნატოს ჯერჯერობით არ გაუცია პასუხი. თავად ვუჩიჩი ამბობს, რომ ის დიდი ალბათობით უარყოფითი იქნება.

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ, რომელიც იუგოსლავიის ყოფილი ავტონომიური ოლქი იყო, 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1999 წლიდან მის ტერიტორიას აღარ აკონტროლებს სერბეთი. სერბეთის ჯარები გაიყვანეს ნატოს მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შემდეგ, რის მიზნადაც ასახელებდნენ გენოციდისგან კოსოვოს ალბანელი მოსახლეობის გადარჩენას.

გაეროს 100-მდე წევრმა ქვეყანამ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, მაგრამ ის არ უღიარებიათ სერბეთს, რუსეთს, ჩინეთს, ასევე ევროკავშირის რამდენიმე წევრს.

XS
SM
MD
LG