კახეთის 5 მუნიციპალიტეტს წინასაახალწლოდ 1 მილიონ ლარზე მეტი აქვს დასახარჯი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცენტრალური ბიუჯეტიდან ფული მოულოდნელად, დეკემბერში მიიღო. ახლა მერიის ჩინოვნიკების თავსატეხია, როგორ დახარჯონ ასიათასობით ლარი ისე, რომ კახეთი ახალ წელს „ღირსეულად“ შეხვდეს. მთავრობის დავალებით ზეიმი 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე უნდა გაგრძელდეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ქალაქი ახალ წელს შეხვდეს ღირსეულად. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერისთვის. კოვიდპანდემიის სტრესული რამდენიმე წლის შემდეგ…ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი საახალწლო ღონისძიებების ჩატარება, რომელიც უზრუნველყოფს საზეიმო განწყობის შექმნას, დაძაბულობისა და სტრესის მოხსნას“, - თქვა თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა 2 დეკემბერს თელავის საკრებულოში სხდომის დასრულების შემდეგ.
ამ რიგგარეშე შეხვედრას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა. ადგილობრივ ბიუჯეტს სწრაფად უნდა აესახა მთავრობის მიერ გადმორიცხული თითქმის 300 ათასი ლარი.
კახეთი გამონაკლისი არაა. მთავრობის ინიციატივითა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით, 2022 წელს ქვეყნის 62-ვე მუნიციპალიტეტს „ეთხოვა“ „საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებების ორგანიზება“.
„რაში დაიხარჯება 290 ათასი ლარი? ეს არის საახალწლო საღამოს კონცერტი, ბავშვთა გასართობი და ფოტოგადაღების სივრცე, საახალწლო ატრაქციონები და ფოიერვერკი…პატარა მოცულობის თანხა არ არის, მაგრამ …მუნიციპალიტეტი ამას მოწოდების სიმაღლეზე უნდა შეხვდეს. ვერ გეტყვით ჯერ, საიდუმლოდ დავტოვებ იმას, თუ ვინ იმღერებს. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იქნება „ღამის შოუს“ ბენდი“, - გვითხრა თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.
თელავი წელს საახალწლო ღონისძიებებზე თითქმის 4.5-ჯერ მეტ ფულს დახარჯავს, ვიდრე შარშან. სანამ ქალაქი დამატებით 290 ათას ლარზე მეტს მიიღებდა საახალწლო ზეიმისთვის, 160 ათასი ლარი ბიუჯეტში უკვე ჰქონდა. ეს ფული ქუჩების საახალწლო განათებისა და დეკორაციების შეძენას მოხმარდა.
საახალწლოდ ლაგოდეხი კიდევ უფრო „მოგებული“ რჩება, ვიდრე თელავი. თუკი ქალაქმა შარშან ზეიმზე 40 ათასი ლარი დახარჯა, წელს მას 10-ჯერ მეტი - თითქმის 400 ათასი ლარი აქვს.
„25 და 30 დეკემბერს 2023 წლის დადგომასთან დაკავშირებით ლაგოდეხში დაგეგმილია კონცერტი. შესყიდვის ობიექტია, ჯგუფების „მიქსტურა“, „Seenთეზი“ და მაგდა ვასაძის სახელოვნებო მომსახურება ღირებულებით, 17 170 ლარი“, - წერია დოკუმენტებში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა და ასახავს, რაზე დაიხარჯება ლაგოდეხისთვის გამოყოფილი ათიათასობით ლარიდან 17 ათასი.
„რატომ იხარჯება 300 ათას ლარზე მეტი საახალწლო ღონისძიებებისთვის იმ ფონზე, როცა ჩვენ ირგვლივ უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს და შესაძლოა მათ ერთი კილოგრამი ტკბილეულის შეძენაც არ შეუძლიათ? ხომ არ ჯობდა, ამ თანხის დიდი ნაწილი სოციალური მიმართულებით დაგვეხარჯა?“ - ჰკითხეს ლაგოდეხის მერს ჯონდო მდივნიშვილს საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა 7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში მცხოვრებმა თათია გელაძემ კი იკითხა: „ბატონო მერო, ღონისძიებებისთვის საკმაოდ დიდი თანხაა გამოყოფილი… სოფლებიდან ხალხს იმის საშუალებაც არ აქვს, რომ მუნიციპალურ ცენტრამდე მოვიდეს… როდის გაჩნდება შესაძლებლობა, რომ იქ მცხოვრებმა ბავშვებმაც აღიქვან ახალი წლის მოსვლა?“
ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა თათია გელაძეს ჰერეთისკარიდან და ოპოზიციის დეპუტატებს უპასუხა, რომ საახალწლო ზეიმებისთვის გამოყოფილი თანხა ლაგოდეხის 67-ვე სოფელს არ ეყოფა, სოციალური მიმართულებით კი სხვა გეგმები აქვთ.
„…ჯერ იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რასაც მუნიციპალურ ცენტრში გთავაზობთ. რაც შეეხება იმას, სოციალური მიმართულებით დაიხარჯოს ეს თანხებიო, მე შეგახსენებთ, რომ ახალი წლიდან იზრდება პენსიები 35 და 65 ლარით, შეიძლება ეს დიდი თანხები არ არის, მაგრამ ახლა რომ 300 ლარია და 360 გახდება, ხედავთ ხომ, რამდენია მატება?!“ - თქვა ლაგოდეხის მერმა.
რადიო თავისუფლებამ სცადა გაეგო, რაში აპირებენ ფულის დახარჯვას კახეთის კიდევ სამი - საგარეჯოს, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. საერთო, ზოგადი სურათი კი ასეთია: კახეთში საახალწლოდ ასეულობით ლარით სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილს სასურსათო კალათებს უყიდიან, გამართავენ კონცერტებს, ბაზრობებსა და გამოფენა-გაყიდვებს, ბავშვებს მოუწყობენ ატრაქციონებს და გასართობ შოუებს, დადგამენ ფოტოს გადასაღებ კაბინებს, გაანათებენ ნაძვის ხეს და ქალაქის ცენტრს. თავად პრემიერ-მინისტრი განკარგულებაში წერს, რომ მუნიციპალიტებში მცხოვრებ ბავშვებს თოვლის პაპასთან „შეხვედრის ცერემონია“ უნდა გაუმართონ. იქნება ფეიერვერკიც.