Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულო უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ განიხილავს ნებისმიერ საკითხს - ტყემალაძის პასუხი კასიანოვს


გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე
გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ მზად არიან განიხილონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაფერისი იქნება. ასე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

კასიანოვმა უკრაინის საელჩოში დღეს, 6 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინელებისადმი მორალური მხარდაჭერისა და დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, კარგი იქნებოდა უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელები მიენიჭოს თბილისის ქუჩებს.

"უკრაინას სჭირდება მორალური მხარდაჭერაც, მაგრამ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის დაზოგვის გარეშე იცავდნენ ჩვენს ქვეყნებს საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან“, - თქვა კასიანოვმა საელჩო გამართულ ბრიფინგზე.

უკრაინაში ომს საქართველოს 33 მოქალაქე ემსხვერპლა. 5 დეკემბერს მათ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა "საწყალი ბიჭები" უწოდა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ფრონტზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიჰყავთ. უკრაინაში მებრძოლებმა ამ განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდეს.

XS
SM
MD
LG