Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასიანოვი: უკრაინული მხარე შეშფოთებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით


საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინული მხარე შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.

კასიანოვმა ასევე თქვა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხს დღეს პირადად დააყენებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დანიშნულ სამუშაო შეხვედრაზე.

„მე პირადად არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. ამასთან, 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დავაყენებ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომების მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“,
- განაცხადა კასიანოვმა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწერა. სასამართლო პროცესი ამ საქმეზე ჯერ არ დანიშნულა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ილია ლომიამ, სასამართლო პროცესის ჩასანიშნად პენიტენციური სამსახურიდან სააკაშვილის პირად საქმეს ელის.

3 დეკემბერს ცნობილი გახდა ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის შინაარსი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 2022 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული ამ დოკუმენტის თანახმად, სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, მის ორგანიზმში ვერცხლისწყლის და დარიშხანის კვალია აღმოჩენილი. დასკვნაში წერია, რომ ამ ნივთიერებების ეს დოზები ორგანიზმში სამედიცინო მკურნალობის შედეგად ვერ მოხვდებოდა.

XS
SM
MD
LG