ბახმუტის ბრძოლები დაუნდობელ სისხლისღვრაში გადაიზარდა - ყოველდღიურად იტყობინებიან ასობით დაღუპულისა და დაშავებულის შესახებ. უკრაინის სხვა ტერიტორიებზე უკან დახევის შემდეგ, მოსკოვმა ძირითადი ძალები აღმოსავლეთით მიმართა, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების სრულად ხელში ჩასაგდებად. თვეების განმავლობაში ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევა.
„ბახმუტი ახლა მთავარი ცხელი წერტილია რუსეთ-უკრაინის ომში. იქ მიდის ყოველდღიური სასტიკი ბრძოლები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სერჰი ჩერევატი, უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის სპიკერი და ამატებს: „ძალიან ვაფასებთ ქართული ლეგიონისა და ქართველი მებრძოლების ქმედებებს უკრაინის დამოუკიდებლობის დასაცავად“.
როგორ მოკლეს ქართველი მოხალისეები
ბახმუტთან, ტყეში, შეტევითი ოპერაციის ფარგლებში, შვიდი ქართველისგან შემდგარმა სამხედროების ჯგუფმა პოზიცია დაიკავა. თუმცა გეგმა შეიცვალა და ოპერაცია გადაიდო. სამხედროები ადგილზე დარჩნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე შეექმნებოდათ მათ უკრაინელ თანამებრძოლებს ახლომახლო. დეტალებს „მთავარ არხთან“ იხსენებს გიორგი როინიშვილი, რომელიც დაღუპულებთან ერთად 57-ე ბრიგადაში იბრძოდა.
როინიშვილი იმ ღამესაც თანამებრძოლებთან ერთად იყო. ის იხსენებს, რომ ძლიერი სროლა ატყდა - ავტომატური იარაღიდან, ტყვიამფრქვევიდან, ყუმბარმტყორცნებიდან. მეთაურის ბრძანებით, მასთან და კიდევ ერთ უკრაინელ მაიორთან ერთად გიორგი დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით გავიდა ვითარების დასაზვერად.
უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს. ღამის სიბნელეში სროლა ბევრი მიმართულებით იყო. ეძახდნენ, მაგრამ ვერ აგონებდნენ. ამიტომ საბაზისო წერტილზე დაეშვნენ. მეორე დილას, 5 თანამებრძოლის ცხედარი დრონით აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ პოზიცია მტერს ჰქონდა დაკავებული.
„ნაბიჯიც არ ჰქონდათ [უკან] გადადგმული. ყველა თავის ადგილას დარჩნენ. ახლაც იქ არიან, ოღონდ გარდაცვლილები“, - ამბობს გიორგი როინიშვილი.
მთავარი ცხელი წერტილი
საბრძოლო მოქმედებების უმეტესი ნაწილი ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის რეგიონში, ბახმუტის გარშემო მიმდინარეობს. ქალაქი გამუდმებით იბომბება. ასეა კვირების განმავლობაში. ბახმუტის 70 000 მოქალაქიდან უმეტესობას უკვე დატოვებული აქვს ქალაქი. დარჩენილები, ძირითადად მოხუცები, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე და ყოველდღე სიკვდილის საფრთხის ქვეშ განაგრძობენ იქ ცხოვრობას.
უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის სპიკერი, სერჰი ჩერევატი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უკანასკნელ დღე-ღამეში უკრაინულ პოზიციებს რუსულმა ძალებმა 28-ჯერ შეუტიეს და 237-ჯერ ესროლეს. იყო ერთი ავია და ერთიც სარაკეტო დარტყმა.
ორივე მხარე აძლიერებს ძალებს და განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს. ჩერევატის მტკიცებით, ბახმუტის ფრონტზე რუსეთმა ერთ დღე-ღამეში დაკარგა 68 მებრძოლი, დაიჭრა - 90.
უკრაინის სასაზღვრო დაცვა იტყობინება, რომ უკრაინელმა ჯარებმა 3 დეკემბერს ბახმუტის გარეუბანში ჩამოაგდეს რუსული გამანადგურებელი სუხოი-34.
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ბრძოლები ნელდება და ეს კიდევ უფრო მეტად მოხდება ზამთრის თვეებში.
„შენელდა კი არა, უფრო გაძლიერდა. უღმერთოდ ისვრიან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჩეჩენი სამხედრო, უკრაინის მხარეს მებრძოლი შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონიდან, რომელიც ასევე ბახმუტის ხაზზეა.
სერჰი ჩერევატი უარყოფს, რომ ზამთრის თვეები შეანელებს საომარ მოქმედებებს. მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა შენელება გამოცადეს შემოდგომის წვიმების დროს, როცა ტალახში გართულდა საბრძოლო ტრანსპორტის გადაადგილება.
„მიწამ უკვე გაყინვა დაიწყო და ჩვენც და მოწინააღმდეგეც ვემზადებით დარტყმისთვის. ვინც უფრო მალე მოემზადება ზამთრისთვის, მოამზადებს ტექნიკას ზამთრის ექსპლუატაციისთვის, თბილად ჩააცმევს და კარგად აღჭურავს საკუთარ დანაყოფებს, უზრუნველყოფს თბილ ადგილებს მოსვენებისა და ტანსაცმლის გაშრობისთვის, მას ექნება უპირატესობა, მიუხედავად იმისა, რა ამინდი იქნება“, - ამბობს ის.
საკვანძო ტერიტორია
ბახმუტი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადგილიდან, საიდანაც რუსეთი უკან არ იხევს. მისი წინსვლა აქ ნელი და ძვირია.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ქალაქის ალყაში მოქცევას ჩრდილოეთით და სამხრეთით ტაქტიკური წინსვლებით ცდილობს. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბახმუტის აღებას არ ექნებოდა დიდი ღირებულება, მაგრამ ამით, პოტენციურად, რუსეთი შეძლებს დაემუქროს კრამატორსკსა და სლოვიანსკს, დონეცკის რეგიონის დასავლეთში.
„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ბახმუტის დაკავება რუსეთისთვის უპირველეს ყოვლისა სიმბოლურ, პოლიტიკურ მიზნად იქცა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ინტენსიურ შეტაკებებში რუსეთს „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები წარმოადგენენ. ეს ჯგუფი ყოფილი პატიმრებისგან შედგება. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ბახმუტის აღება კრემლის შიდა წრეებში „ვაგნერის“ პრესტიჟის საკითხი და ამ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პირადი ამბიციაა.
„მათ სჭირდებათ დაანახონ წარმატება [ხალხს]. ისინი ცდილობენ ლუგანსკისა და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებთან გასვლას, რათა გაამართლონ საკუთარი მოქალაქეების წინაშე, რომ გაათავისუფლეს დნრ და ლნრ“, - ამბობს სერჰი ჩერევატი.
ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ შეფასებით, რუსეთი განაგრძობს ცოცხალი ძალის, საბრძოლო მასალისა და სხვა სამხედრო აქტივების ხარჯვას, თუმცა შეზღუდული მიღწევები აქვს.