საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, პოლონეთს მადლობა გადაუხადა საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, მან თავისი საუბრის ყველაზე დიდი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომს დაუთმო. განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა სოლიდარულია უკრაინის საზოგადოების მიმართ, პატივი მიაგო უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს და გამოყო იმ მეომართა როლი, რომლებიც თავიანთი სურვილით იბრძვიან უკრაინელი ძმების გვერდით.
„ჩვენთვის დღევანდელი დღე მართლაც არის ურთულესი. არა მხოლოდ ჩვენთვის, პოლონეთისთვის და მთლიანად ევროპისთვის და ვიტყოდი, მსოფლიოსთვის. 10 თვეა უკვე, რაც რუსეთმა აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე. 10 თვეა, მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, 10 თვის განმავლობაში უკრაინის მთელმა საზოგადოებამ აჩვენა, თუ რას ნიშნავს ქვეყნის და თავისუფლების დაცვა და არა მხოლოდ თავისი ქვეყნის, არამედ - ევროპის, საქართველოსი და მთელი მსოფლიოსი და რას ნიშნავს, როდესაც საზოგადოება გაერთიანებულია.
„ამას ვამბობ არა მხოლოდ ზოგადად, ამას ვამბობ საქართველოსთვის. უკრაინის მაგალითი, როცა ერთიანია ქვეყანა, როცა პოლარიზაცია გვერდზეა გადადებული და ყველაფერი ის, რაც ერთმანეთთან გვაპირისპირებს, მაშინ არის ქვეყანა ძლიერი და შეიძლება ყველაფერს გაუძლოს და მართლაც ყველაფერს უძლებს. ამ წუთებშიც არის ძალიან ძლიერი იერიში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ყველაფერს, რასაც ტრიბუნიდან ამბობს, ამბობს საქართველოს მოქალაქეების სახელით.
„მინდა ვთქვა, რომ ჩემი ყველა პოზიცია, რომელიც აქ დავაფიქსირე, არის არა ჩემი პირადი პოზიცია, არამედ უფრო მთლიანად საქართველოს მოსახლეობის პოზიცია - საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ, საქართველომ იცის, რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი 1921 წელს, 2008 წელს, 1992 წელს გადაიხადა და იცის, რომ ჩვენი მომავალი არის ერთი და არ შეიძლება საქართველომ არ დაუჭიროს მხარი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, რომ ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკურად, სოციალურად და მთელი საზოგადოების [დონეზე] და მინდა მოგიწვიოთ და ნახოთ საქართველოს და თბილისის ქუჩებში როგორ გამოიხატება საქართველოს სოლიდარობა“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს პატივი მიაგოს საქართველოს მოქალაქე იმ მებრძოლებს, რომლებიც "თავისი ნებით არიან ჩართული მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში. ჩვენ დავკარგეთ 33 ქართველი და მათი ხსოვნა იქნება უკვდავი.“
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მოვა დრო, როდესაც დაიწყება მოლაპარაკებები და ამ დროს საერთაშორისო საზოგადოებამ აღარ უნდა დაუშვას ის შეცდომა, რომელიც დაუშა საქართველოსთან მიმართებით და ყირიმის ანექსიის შემდეგ.
„რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც სხვა ცივილიზებულ ქვეყანას, აქვს თავისი საზღვრები და არანაირი უფლება არ გააჩნია, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი ძალები განათავსოს, ანდა ექსპანსიას და თავის იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს. ეს არის ომის ის შედეგი, რაც ნამდვილად შეცვლის მსოფლიოს და არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა, ძველი ხედვა, რომ ვიღაც უნდა გაუფრთხილდეს რუსეთის გრძნობებს. არა, ყველა უნდა გაუფრთხილდეს იმ პატარა თუ დიდი ქვეყნების გრძნობებს, რომლებიც რუსეთის ირგვლივ ამდენი ხანია მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს უსაფრთხოების ის ელემენტარული გარანტია, რასაც ჰქვია - ჩემი საზღვარი ჩემია და შენი საზღვარი შენი უნდა იყოს და შენ უნდა შეეგუო შენს საზღვარს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, გადაუხადა მადლობა იმ პოზიციის გამო, რომელსაც ის აფიქსირებს რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე რუსული აგრესიის მსხვერპლნი არიან.
„ჩემთვის უდიდესი პატივია ქალბატონ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ვუმასპინძლო ამ რთულ პერიოდში, ამ რთულ დროს, როდესაც რუსული აგრესია მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენი უსაფრთხოება არის საფრთხის ქვეშ. ჩვენი საერთო, ევროპული უსაფრთხოება დგას საფრთხის ქვეშ", - თქვა დუდამ.
მისი სიტყვებით, პოლონეთი ემხრობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას.
"იმედი გვაქვს, რომ არცთუ ისე შორეულ პერიოდში, საქართველო მიიღებს სტატუსს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ასევე შევა ნატოში. პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ამ მისწრაფებებს და კვლავ მხარს დაუჭერს. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხია", - თქვა ანჯეი დუდამ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, დაგეგმილია მისი მონაწილეობა ქალაქ ოსვენციმში წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის ფოსტების ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ - წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია. სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.