Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე იაკობი "მშვიდობის ქალაქის" სლოგანით უკმაყოფილებაზე: ყველაფერზე საქართველომ უნდა გადაიხადოს საფასური?


ბოდბის ეპისკოპოსი იაკობი დღეს, 4 დეკემბერს ჩატარებული წირვის შემდეგ ქადაგებაზე თბილისის მერიის საახალწლო სლოგანს, "მშვიდობის ქალაქს" გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველო არ არის ვალდებული, "ყველაფერზე გადაიხადოს საფასური."

"ვიღაცეები, იმათ ჭკუაში ჩამახედა, გამოსულები იყვნენ და "თბილისი მშვიდობის ქალაქი" და რაღაცაო, როგორ შეიძლებაო, უკრაინაში ასეთი ომია და ჩვენთან მშვიდობაზე ვილაპარაკოთო. დავდივარ ევროპაში, განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენთან რომ დროშებია უკრაინული, არსად არ არის იმდენი. ტელევიზიით თუ გამოდიან და ამერიკის ტელევიზიებში უკვე სადღაც ბოლოშია გადასული უკრაინის საკითხი. ხელისუფლებებში არ არის გადასული, ხელისუფლებები აქტიურად ეხმარებიან და უნდა დაეხმარონ, უჭირს ქვეყანას და გაჭირვებული ქვეყანაა, ხო? ყველგან სიცოცხლე ჩქეფს იქ, არაფერს არ იკლებენ და ყველაფერზე საქართველომ უნდა გადაიხადოს საფასური? ძალიან ზედმეტს რატომ ითხოვენ?

ძლივს შევძელით, არ ვომობთ და არაფერს არ ვშვრებით. ვის უნდა ვეომოთ დღეს, იარაღსაც არ გვაძლევენ. მარტო დაგვტოვეს იმ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული ვყავართ. ღმერთი გვიფარავს და ვერ შემოდის და ვერც შემოვა უფრო მეტად რუსეთი",
- თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

მთავარეპისკოპოსმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მიცემულ რეკომენდაციებზე და თქვა, რომ საქართველო არ იმსახურებს ისე მოქცევას, როგორც ევროპა ექცევა. ეპისკოპოსი იაკობი საქართველოს ხელისუფლების მსგავსად მიიჩნევს, რომ საქართველო უფრო მეტად იმსახურებდა წევრობის კანდიდატის სტატუსს, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა.

„მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე - საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? ჩვენ, მართალია, ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით, იმიტომ რომ საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით და დაჩაგრულები ვიყავით. თავისუფლება გვინდა. გვინდა კარგი ცხოვრება. ხალხის სახელით გამოდიან ვიღაცები და გვესაუბრებიან: „აი, ქართველი ხალხი...“. გვეკითხებიან კი, ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ჩვენი ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ სადმე. დღეს რომ შემოსული არ ვარ [ევროკავშირში] და მჩაგრავ, რომ შემოვიდე მესამეხარისხოვანი ქვეყნების როლში უნდა ვიყო? კეთილი ინებე და მიმიღე, როგორც ღირსეული წევრი, როგორც ღირსებით აღსავსე ხალხს, ისე დაგველაპარაკე. 12-დან მხოლოდ ერთი არის თავიდან შესასრულებელი - ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა დღეს ისიც თქვა ქადაგებისას, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ახალი წესრიგი შეიქმნება და საქართველოს "ყველა მხარესთან უნდა შეეძლოს ლაპარაკი."

თბილისის მერიამ სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" თავისუფლების მოედნის საახალწლო მორთულობაში გამოიყენა, რასაც მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომის ფონზე, სადაც ათობით ქართველი მებრძოლია უკვე დაღუპული, ეს სლოგანი არაეთიკური და არასოლიდარულია.

XS
SM
MD
LG