Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საახალწლო სლოგანის („მშვიდობის ქალაქი") შეცვლის მოთხოვნით პრეაქცია გაიმართა


29 ნოემბერი. თბილისი. პრეაქცია თავისუფლების მოედანზე
29 ნოემბერი. თბილისი. პრეაქცია თავისუფლების მოედანზე

თბილისის საახალწლო სლოგანი „მშვიდობის ქალაქი" გააპროტესტეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა. მათი შეფასებით, მაშინ, როდესაც კიევი იბომბება, საქართველოს დედაქალაქში ამ სლოგანის დაწერა მიუღებელია. „პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე აცხადებს, რომ პრეაქციის გამართვის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება 30 ნოემბერს, 21:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის შესახებ.

„დღეს მოვედით პრეაქციაზე, წინა დღე არის და გვინდა გითხრათ, რომ თუკი ამ ქალაქში დარჩა მოსახლეობა, ვისაც ოდნავ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, ერთი საათით მოდით 30 ნოემბერს, 21:00 საათზე თავისუფლების მოედანზე და გამოცვალონ სლოგანი. რაც უნდათ ის დაწერონ. ახლა ასეთი უტიფრობის დაწერა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის ქალაქი, როდესაც დღე არ გავა, რომ არ ჩამოასვენონ უკრაინაში დაღუპული მეომარი, ეს თუ დავუშვით, ჩვენი ბრალია", - თქვა ნატა ფერაძემ.

29 ნოემბერი. თბილისი, თავისუფლების მოედანი
29 ნოემბერი. თბილისი, თავისუფლების მოედანი

ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, გიორგი მელაძის აზრით, თავისუფლების მოედანზე უკრაინისადმი თანადგომის შეტყობინება უნდა ეწეროს. „ჩვენ დღეს ვართ ძალიან რთულ მდგომარეობაში. ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები მიდიან და იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ და ამ დროს სადღეგრძელოებით რაღაც განაცხადების კეთება, არის ძალიან დიდი მტრობა ამ საზოგადოების, სახელმწიფოს იდეის, ჩვენი საერთო მისიის, რომლითაც მოვდივართ უკვე ოცდაათი წელი. მე ვეთანხმები, ახლა რაც თქვეს: აქ უნდა დავწეროთ უკრაინისადმი თანადგომის შეტყობინება და სასაფლაოს მშვიდობაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ", - აღნიშნა გიორგი მელაძემ.

29 ნოემბერი. თბილისი. პრეაქცია თავისუფლების მოედანზე
29 ნოემბერი. თბილისი. პრეაქცია თავისუფლების მოედანზე

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის თანადამფუძნებელი დავით დვალი ახალ საახალწლო სლოგანს უკიდურეს ცინიზმად მიიჩნევს. „პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს არის დიდი ტყუილი - არანაირი მშვიდობის ქალაქი ჩვენ არ ვართ. ეს ერთი. მეორე, იმ დროს და იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი მოძმე ერი, რომელიც თავგანწირვით იბრძვის, მათ შორის, ჩვენი მომავლისთვის ჩვენი დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ, ყოველდღე უშუქობაში, სიცივეში, შიმშილში უძლებს და იბრძვის თავისი და ჩვენი მომავლისთვის, დაწერა იმის, რომ თურმე ჩვენთან მშვიდობა ყოფილა და სითბოა, არის უკიდურესი ცინიზმი და უღირსი საქციელი. მე მგონია, რომ ეს არ უნდა დავუშვათ. მე ვიზამ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს", - თქვა დვალმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 29 ნოემბერს განმარტა, რატომაა დედაქალაქის საახალწლო სლოგანი „მშვიდობის ქალაქი".

„მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სიმშვიდე. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველი ხალხის ინტერესები იყოს ყოველთვის დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება", - თქვა თბილისის მერმა.

2023 წლის საახალწლო სლოგანის - „მშვიდობის ქალაქის" - გამოჩენას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის, მიმდინარე ომის გამო, ნეგატიური შინაარსის შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

XS
SM
MD
LG