Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაბას ომი, რომელშიც ბავშვობიდან იბრძოდა - უკრაინაში დაღუპული 28-ე ქართველი


„იმედი მაქვს, ხვალ ვნახავ მასაც და მის თანამებრძოლებსაც... კიევში, პანაშვიდზე. საშინლად მტკივა გული“, - მომწერა უკრაინელმა ჟურნალისტი და მებრძოლმა, ალექსეი ბობროვნიკოვმა უკრაინაში დაღუპული ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერიას შესახებ. 25 წლის მებრძოლი, 28-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დაიღუპა.

ალექსეი ჯაბას შესახებ ბევრს არ ლაპარაკობს. იხსენებს მხოლოდ ერთ დეტალს, რომელიც როგორც თავადვე ამბობს, თითქმის დაუჯერებელი ამბავია, ამბავი „ფანტასტიკის სფეროდან“, რომელიც მას და ჯაბას უკრაინაში, ცხელ წერტილში ყოფნისას გადახდათ თავს. ალექსეი დარწმუნებულია, რომ ჯაბას განსაკუთრებული ყურადღება და მახვილი თვალი რომ არა, დღეს ის ცოცხალი არ იქნებოდა.

ალექსეიმ ჯაბა თბილისში, ლისის ტბაზე, 2022 წლის პირველ იანვარს, შემთხვევით გაიცნო. ორთვენახევრის თავზე, 15 მარტს კი ისინი უკრაინაში, ირპენის ტყეში, ბრძოლის წინა ხაზზე, ასევე შემთხვევით გადაიკვეთნენ - მიზანში ამოღებული ალექსეი, ჯაბამ ოპტიკური სამიზნედან იცნო:

ალექსეი ბობროვნიკოვი ჯაბა ხოფერიასთან ერთად
ალექსეი ბობროვნიკოვი ჯაბა ხოფერიასთან ერთად

„მეორე დილით მომწერა, გუშინ თქვენ ხომ არ გამოდიოდით ირპენის ტყიდან? მაშინვე გადავურეკე. აღმოჩნდა, რომ ჯაბამ ჩემი სიფათი ოპტიკურ სამიზნეში ამოიცნო და არ მესროლა არ მე და არც ჩემს გვერდში მყოფებს. ჯაბას ნაბრძანები ჰქონდა, რომ გაენადგურებინა მისი მიმართულებით მიმავალი „მტრის სადაზვერვო-დივერსიული დაჯგუფება, რომელიც ტყიდან უნდა გამოსულიყო“. ეს „დაჯგუფება“ ჩვენ ვიყავით. ჯაბას ოცეულში, ოპტიკური სამიზნე მხოლოდ მას ჰქონდა. მისმა სიფრთხილემ, პროფესიონალიზმმა და ადამიანობამ გვიხსნა სიკვდილისგან მარტში მე და ჩემი ოცეული. ეს ასე არ ხდება. ეს არც ანეკდოტია. არც ზღაპარი, არც რომანი. ეს ჩემი ცხოვრებაა. ჩვენი. ნადიმის, გიგის, დათოსი, ყველასი ჩვენი, ვინც იმ დღეს ტყიდან გამოვდიოდით. ჯაბამ ზუსტად ისე ამოიცნო ჩემი სახე სამიზნეში, როგორც მე ვიცნობდი მის სახეს. ჩვენ ასე დავმეგობრდით. დღეს ჯაბა მოკლეს. მორჩა“.

ჯაბა ხოფერიას თანამებრძოლებისა და მეგობრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის რამდენიმე ხნის წინ, ხერსონთან, ქიმიური იარაღის შედეგად მიღებული მოწამვლის გართულებებით, პირველ დეკემბერს, კიევში გარდაიცვალა.*

ნადიმ ხმალაძე, უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯაბას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, მკურნალობის დასრულების შემდეგ კლინიკიდან გაეწერა და თავს კარგად გრძნობდა:

ნადიმ ხმალაძე
ნადიმ ხმალაძე

„მის სიკვდილს არავინ ელოდა. საავადმყოფოში იმკურნალა. თითქოს კარგად იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ქიმიური იარაღით მოწამვლა დიდხანს რჩება ორგანიზმში. ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინაში ქიმიური იარაღით მოიწამლა, მე ვიყავი, რაც ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ძალიან მძიმედ აისახა. ჩვენ რომ გვგონია, რომ მოწამვლა გადის, როგორც ჩანს, ეს ასე არ არის. ეს ჯაბას სიკვდილმაც კარგად დაგვანახა“.

ძალოსანი ჯაბა ხოფერია უკრაინაში საბრძოლველად ომის პირველივე დღეს, მიუნჰენიდან წავიდა. 27 თებერვალს უკვე უკრაინაში იყო. ჯერ კიდევ გზაში იყო, როცა კლასელს, ქეთა ბაღაშვილს მისწერა თავისი გადაწყვეტილების შესახებ:

„27 თებერვალს უკვე კიევში იყო. გაგანია ომში. ჩვენი ხელისუფლება რომ ვერ მიფრინავდა, ამან ომის დაწყებიდან მეორე დღესვე აისხა თავისი აღჭურვილობა და ყველაზე სასტიკ წერტილში წავიდა. ვფიქრობდი ხოლმე, ნეტა არ ეშინია? რანაირად არ ეშინია? რა გული აქვს ასეთი?“

ჯაბა ხოფერია პირველ მასწავლებელთან, იმედა ხაზარაძესთან ერთად
ჯაბა ხოფერია პირველ მასწავლებელთან, იმედა ხაზარაძესთან ერთად

ჯაბას ომში წასვლის გადაწყვეტილება ქეთასთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მთელი ბავშვობა ისმენდა ჯაბასგან აფხაზეთის ომში მებრძოლი მამისა და ბიძის თავგადასავალს. 25 წლის ბიძის ამბავს, რომელიც აფხაზეთის ომში დაიღუპა და ჯამბულათს სწორედ მისი სახელი დაარქვეს:

„დაგვისვამდა ხოლმე ბავშვებს და გვიყვებოდა ბიძის და მამის გმირობების შესახებ და ვუყურებდი და სულ ვფიქრობდი, როგორ შეეძლო არნახულის ასეთი ემოციით გადმოცემა. მეხუთე კლასელს ძარღვები ასკდებოდა საფეთქელზე, როცა რუსეთის ბოროტებაზე გვიყვებოდა და თვალები ენთებოდა საქართველოს და გმირი ქართველების სიყვარულზე ლაპარაკისას. კლასში რომ შემოდიოდა, მერხები ზანზარებდნენ. ასეთი იყო თავიდანვე, დიდი. ჩვენ მიწას არ ავცდენოდით და ჯარჯის შეეძლო ყველას ერთად გადაგვფარებოდა. და ასეც იყო სულ. მის უკან ამოფარებულმა გავატარე სკოლის პერიოდი. მერე უკრაინაში ომი რომ დაიწყო, ჩავთვალე, კლასს კი არა, მთელ საქართველოს გადაეფარა. თავის გვერდზე ეწერა - "როგორ აღესრულა ის? სჯობს გიამბო თუ როგორ იცხოვრა მან"... მე ვიცი, როგორ იცხოვრა მან. გმირულად და სამშობლოს სიყვარულით. და მინდა, რომ ყველამ იცოდეს ეს“, - ამბობს ქეთა.

„წახვედი ჯაბა?“ - მისწერა 28 ნოემბერს ჯაბას არჩილ შარვაშიძემ, უკრაინაში მებრძოლმა და ამჯერად, საქართველოში მყოფმა კიდევ ერთმა ქართველმა. „კი, ხვალ მივფრინავ, ქუთაისიდან“, - უპასუხა ჯაბამ, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ნოემბრის ბოლოს, რამდენიმე დღით საქართველოში იყო ჩამოსული და უკრაინაში 29 ნოემბერს დაბრუნდა.

„სანანებლად მექცა, რომ ვერ ვნახე“, - მეუბნება არჩილ შარვაშიძე. „ისე წავიდა, ვერ მოვასწარი ნახვა“... არჩილმა და ჯაბამ ერთმანეთი რვა თვის წინ, კიევში გაიცნეს. კიევში ჩასულ არჩილს ჯაბა დაეხმარა შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებაში. სამხედრო ფორმაც ჯაბამ მიუტანა:

არჩილ შარვაშიძე
არჩილ შარვაშიძე

„მე რომ ჩავედი უკრაინაში, ჯაბას უკვე ირპენი ჰქონდა გამოვლილი. რამდენიმე ქართველი, რომლებიც ომის დასაწყისში გარდაიცვალნენ, მასთან ერთად იბრძოდნენ ირპენის მიმართულებით. დაახლოებით რვა თვე ვიყავი უკრაინაში და მასთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა. იყო მომენტები, როცა სულ ერთად ვიყავით, მაგრამ ძირითადად ჯაბა სულ ცხელ წერტილებში მიდიოდა საბრძოლველად. პროფესიით სამხედრო არ იყო, არ ჰქონია არანაირი სამხედრო გამოცდილება, მაგრამ მებრძოლი სულის ადამიანი იყო. ჯაბა იყო ადამიანი, რომელიც ყველაში უსიტყვო სიყვარულს იწვევდა. ეს ადამიანი ამ რვა თვის განმავლობაში ჩემთვის გახდა ძმაკაცი, მეგობარი. უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ჯაბასთვის საქართველოსთვის ბრძოლას ნიშნავდა. ეს იყო მისი მიზანი. ვიცი, რაც ამოძრავებდა ჯაბას“.

შვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯაბას მამამ, არჩილ ხოფერიამ, სოციალურ ქსელში დაწერა:

„ჩემი შვილი, ჯამბულათ ხოფერია, აღესრულა უკრაინაში. ვფიქრობდი, დროშა, რომელიც ჩვენ აღვმართეთ, დამპყრობლებთან ბრძოლაში, საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა. ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება. მტრებს ყველაფერი წინ აქვთ. და მე როცა აღარ ვიქნები, ჩვენი საქმე, ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე, მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე, თქვენ გააგრძელეთ. მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია."​

ჯაბა ხოფერიას თანამებრძოლების ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი 3 დეკემბერს კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართება. ამის შემდეგ კი დაიწყება მისი საქართველოში გადმოსვენების პროცედურა.

ჯაბა ხოფერია
ჯაბა ხოფერია

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა.

* უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო, რადიო თავისუფლებას არ შეუძლია გადაამოწმოს ჯაბა ხოფერიას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

XS
SM
MD
LG