უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ მთავრობას დაავალა, პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც აღიკვეთება „რუსეთის ფედერაციაში გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა“. ამის შესახებ 1 დეკემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როგორც მან თქვა, უზრუნველყოფენ სახელმწიფოს „სულიერ დამოუკიდებლობასაც“ და არავის მისცემენ „უკრაინულ სულში იმპერიის აშენების“ უფლებას.
ზელენსკის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განიხილეს აგრესორ სახელმწიფოსთან უკრაინის ცალკეული რელიგიური წრეების კავშირის მრავალრიცხოვანი ფაქტები. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ეთნოპოლიტიკის და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურს დაევალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის(УПЦ) მართვის წესდების ექსპერტიზა მოსკოვის საპატრიარქოსთან საეკლესიო-კანონიკური კავშირების გასარკვევად და საჭიროების შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება.
გარდა ამისა, უნდა შემოწმდეს რელიგიური ორგანიზაციების მიერ კიევ-პეჩორის ისტორიულ-კულტურული, ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებული ქონებით სარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები და პირობების დაცვა. ზელენსკის განცხადებით, ყველა ორგანომ, რომლის კომპეტენციაშია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უნდა გაააქტიუროს ზომები უკრაინის რელიგიურ წიაღში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოსავლენად და აღსაკვეთად და გამოიყენოს პერსონალური სანქციები. პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, გვარები მალე გამოქვეყნდება.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ამ და სხვა გადაწყვეტილებებით გარანტირებული იქნება ქვეყნის სულიერი დამოუკიდებლობა.
ნოემბერში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის(УПЦ) არაერთ მონასტერში, მათ შორის კიევ-პეჩორის ლავრაში ჩაატარა „კონტრდაზვერვითი ღონისძიებები" რუსეთის სპეცსამსახურების "ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოსავლენად და აღსაკვეთად".
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ(УПЦ) მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა 2022 წლის მაისში გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ УПЦ რჩება რუსეთის პოლიტიკის გამტარებლად. УПЦ-ს უთანხმოება აქვს უკრაინის მეორე მართლმადიდებელ ეკლესიასთან(ПЦУ), რომლის ავტოკეფალია 2019 წელს აღიარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ.