Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: მონასტრებში იყვნენ პირები საეჭვო დოკუმენტებით


უკრაინელი სამართალდამცავები კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე. 2022 წლის 22 ნოემბერი
უკრაინელი სამართალდამცავები კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე. 2022 წლის 22 ნოემბერი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 23 ნოემბერს განაცხადა, რომ კიევ-პეჩორის ლავრასა და როვნოს ოლქის მონასტრებში დაასრულა „კონტრდაზვერვითი ღონისძიებები“, რომლის ფარგლებშიც პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად, დეტალურად შეამოწმეს 350-ზე მეტი საეკლესიო ნაგებობა და 850 პირი. 50-ზე მეტის მიმართ გამოიყენეს „ჩაღრმავებული კონტრდაზვერვითი გამოკითხვა, მათ შორის პოლიგრაფის გამოყენებით“. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ამ პირებს შორის იყვნენ როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მოქალაქეები.

უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, მონასტრების ტერიტორიებზე მყოფმა ზოგიერთმა პირმა შემოწმებისას წარადგინა საბჭოთა კავშირის პასპორტები და სამხედრო ბილეთები, ჰქონდათ მხოლოდ დოკუმენტების ასლები, ან უკრაინის მოქალაქის სავარაუდოდ, ყალბი პასპორტები. კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა უკრაინის მოქალაქე, 32 წლის კაცი, რომელსაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს უკრაინაში მოქმედ პრორუსულ საინფორმაციო სააგენტო „ანტვან“-თან და ამავე სახელწოდების რუსული კომპანიის მფლობელ ორლოვის ნდობით აღჭურვილი პირია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, ორლოვს უკრაინაში აქვს მიწის ნაკვეთები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები, რომლებიც ამჟამად დაყადაღებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობითვე, მონასტრების ტერიტორიებზე აღმოჩენილია პრორუსული ლიტერატურა, რომელსაც სემინარიაში იყენებენ, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის. ასევე, 2 მილიონ გრივნაზე მეტი, დაახლოებით 100 ათასი დოლარი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 22 ნოემბერს გამოაცხადა, რომ კიევ-პეჩორის ლავრასა და როვნოს ოლქის ზოგიერთ მონასტერში ატარებს „კონტრდაზვერვით ღონისძიებებს", რაც მიზნად ისახავს წინააღმდეგობის გაწევას "უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის". კიევის თანახმად, რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, გაზრდილია ტერაქტების, დივერსიების და მძევალთა აყვანის რისკი, განსაკუთრებით მოქალაქეთა დიდი თავშეყრის ადგილებში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, მონასტრებს ამოწმებენ, რათა არ დაუშვან ეკლესიის გამოყენება „რუსული სამყაროს ცენტრად“ და შემოწმდეს მონაცემები იმის შესახებ, რომ უკრაინის ეკლესიის კუთვნილი შენობები შესაძლოა, გამოიყენებოდეს დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების, უცხოეთის მოქალაქეების და იარაღის სამალავად.

კიევ-პეჩორის ლავრა ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ), რომელმაც მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა 2022 წლის მაისში გამოაცხადა. მას უთანხმოება აქვს უკრაინის მეორე მართლმადიდებელ ეკლესიასთან(ПЦУ), რომლის ავტოკეფალია 2019 წელს აღიარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ.

XS
SM
MD
LG