Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩალაძე ფიქრობს, რომ პოლიტიკური აქტორების ჩართვის გარეშე სააკაშვილი გათავისუფლდება და დეპოლარიზების საკითხი გადაიჭრება


გიორგი ჩალაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი
გიორგი ჩალაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ პოლიტიკური აქტორების ჩარევის გარეშე, სასამართლომ უნდა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, რაც დაასრულებს პოლარიზაციას.

რადიო თავისუფლების გადაცემა "დილის საუბრებში" სტუმრობისას ჩალაძე დაეთანხმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომ სამინისტროს არ აქვს პატიმრის უცხოეთში გადაყვანის ბერკეტი.

"ბატონი რატი რასაც საუბრობს, რომ არ არის საფუძველი საქართველოს კანონმდებლობით პატიმრის სამკურნალოდ გაყვანის, ვეთანხმები. ჩვენ პატიმარს ვერ გავიყვანთ, ქართული კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას. ჩვენ არ ვითხოვთ გამონაკლისებს და იმედი მაქვს, რომ არ იქნება გამონაკლისი. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ პატიმარი სააკაშვილი გავიდეს, ვითხოვთ, რომ შეწყდეს ან გადავადდეს[პატიმრობა], შესაბამისად, პრეზიდენტი სააკაშვილი თავისუფალი ადამიანი გავიდეს სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის იურიდიული სტატუსი...

ყველაზე მთავარი, რაც ბატონმა რატიმ [ბრეგაძემ] თქვა, არ არის პოლიტიკური მდგენელების და აქტორების მონაწილეობა სამართლებრივ ჭრილში და ექიმებთან ურთიერთობისას... თუ კარგად მოვისმენთ, ემოციებისგან დაცლილი ზუსტად ის მესიჯია, რაც მე მინდა, რომ მოვისმინო. მინდა, რომ სწორად მესმოდეს ის სიტყვები".

გიორგი ჩალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნაზე სასამართლოს "სამართლიანი გადაწყვეტილება" პოზიტიურ გავლენას მოახდენს ევროკავშირის მიერ საქართველოს შეფასებაზე:

"უნდა ვაცადოთ სასამართლოს, მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, დეკემბერში, როცა მოხდება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ჩვენი წინ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის 12 პუნქტის შესრულების შეფასება, დარწმუნებული ვარ, ევროპელი პარტნიორები ხმამაღლა დააფიქსირებენ იმ დიდ წინგადადგმულ ნაბიჯს, რომელიც დემოკრატიის მიმართულებით მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ პუნქტები შესრულებული არ არის.

მე ვისურვებდი, რომ ჩვენ დავასრულოთ ბრძოლები და გადავიდეთ ძლიერ, დატვირთულ სამუშაო რეჟიმზე. მე მინდა, ვუსმენდე ჩვენი პოლიტიკოსების, ჩვენი იურისტების და ჩვენი საზოგადოების ემოციური კონტექსტიდან სამუშაო პროფესიულ კონტექსტში გადასვლას. მე ვფიქრობ, გვაქვს შანსი, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა ვაქციოთ საერთო წარმატებად".

გადაცემის მსვლელობისას გიორგი ჩალაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და ოპოზიცია და მთავრობა სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ.

"მე გამოვიყენებ ჩემს რესურსს, ჩემს ავტორიტეტს, თუ რაიმე გავლენის მექანიზმები იქნება ჩემს ქვეყანაზე იმისათვის, რომ რაც მე ვთქვი, ახდეს. მე არ მინდა ქვეყნიდან ტვინების გადინება ხდებოდეს. ამისათვის საჭიროა დასხდომა ერთად ოპოზიციის და მთავრობის. უნდა მორჩეს რიტორიკა, რომელიც არის მტრული განწყობები ქვეყანაში, უნდა გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე", - თქვა ჩალაძემ. წამყვანის დაზუსტებაზე, გულისხმობს, თუ არა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, როგორც პოლარიზაციის შერბილების ფაქტორს, ჩალაძე პასუხობს:

"უნდა მოხდეს პოლარიზაციის დასრულება. ჩვენ უნდა მოვრჩეთ ბრძოლას და გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე. ჩვენ გვაქვს ერთი ქვეყანა, მოცემული ტერიტორია, მოცემული რეალობა და ერთად უნდა ვცდილობდეთ, შევცვალოთ უკეთესობისკენ. ამისათვის საჭიროა განათლებული ხალხის ემოციებისგან დაცლილი მუშაობა ერთ მაგიდასთან და არა მიკროფონებთან", - აღნიშნა ჩალაძემ. კითხვაზე, ეს ერთი პოლიტიკოსის განცხადებაა, თუ პარტიის ["ნაციონალური მოძრაობის"] პოზიცია, ის ამბობს: "მე მგონი, ჩვენ ამას ვიხილავთ ასახვაში".

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია მსჯავრდადებული პატიმრის სამკურნალოდ გადაყვანა საზღვარგარეთ. რაც შეეხება სასჯელის გადავადებას, მინისტრის განცხადებით, შესაბამისი მიმართვა სასამართლომ უნდა განიხილოს, წარდგენილი დასკვნების საფუძველზე.

დღეს, 1 დეკემბერს, ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.

დღესვე ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

XS
SM
MD
LG