Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარმომადგენლობა პოზიტიურად აფასებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის გადაწყვეტილებას


საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის შესახებ გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება", - ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის კომენტარში.

დეოლიგარქიზაციის სადავო კანონპროექტს „ქართული ოცნება" სამართლებრივი შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში გაგზავნის. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპელი მეგობრების მოწოდების შემდეგ მიიღეს.

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 4 ნოემბერს განაცხადა, რომ ვინაიდან საქართველომ დეოლიგარქიზაციის საკითხის კანონით დარეგულირება გადაწყვიტა, "ძალიან მნიშვნელოვანია", ის შეაფასოს ვენეციის კომისიამ.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი.

დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულებას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ცდილობს და პარლამენტი განიხილავს კანონის უკრაინულ ვერსიას საქართველოსთვის.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ივლისში, ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობის დაწყებისას, აცხადებდნენ, რომ უკრაინული კანონის საზომებით, ოლიგარქთა სიაში აღმოჩნდებოდნენ მათი პოლიტიკური ოპონენტები. მაგალითად, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლელოსდამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ტელეკომპანიაფორმულისერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი.

ბოლო დროს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ახსენებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, რომელიც ასევე „ნაციონალურ მოძრაობის“ გარშემო გაჩაღებული დისკუსიებისა და დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

XS
SM
MD
LG