ირაკლი ლეჟავას სასამართლოს წინაშე დაკითხვამდე, კარტოგრაფების საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ თქვა, რომ ამ მოწმეს უნდა დაედასტურებინა, რომ “საქართველოს პოზიციის ჩამოყალიბების პროცესში მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულები [ ვალერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა - რ.თ] მონაწილეობდნენ. ისინი წარმართავდნენ სრულად ამ საქმიანობას და სხვა წევრების როლი იყო მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური.”
სასამართლოს მოწმემ მართლაც არაერთხელ უთხრა, რომ ის კომისიაში მუშაობისას ძირითადად იმ დავალებებს ასრულებდა, რომელსაც ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილი აძლევდა. მოწმემ სასამართლოზე თქვა ისიც რომ აზერბაიჯანთან რუკებზე დატანილი ხაზების შეთანხმების პროცესი, რომელიც მაღალი რანგის დიპლომატების ჩართულობით წარმოებდა, "ძალიან რთულად” მიმდინარეობდა.
პროკურორი მიხეილ სადრაძე: კომისიის წევრი როგორ გახდით? რა იყო მიზეზი რომ თქვენ კომისიის წევრი გახდით?
ირაკლი ლეჟავა: თანამდებობრივად მეკუთვნოდა კომისიის წევრობა… გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის ხელმძღვანელს ეკუთვნის ამ კომისიის წევრობა
პროკურორი მიხეილ სადრაძე: 2006-07 წლებში კომისიის წევრებიდან ვინ გახსენდებათ?
ირაკლი ლეჟავა: ბატონი ივერი მელაშვილი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნატალია ილიჩოვა, კომისიის თავმჯდომარე, ბატონი ვახტანგ დათუნაშვილი და ასევე კომისიის თავმჯდომარეები…ბატონი მანჯგალაძე…
პროკურორი მიხეილ სადრაძე: ამ კომისიის საქმიანობაში თქვენს ფუნქციაზე რომ გვესაუბროთ.
ირაკლი ლეჟავა: გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობების შესრულება, დავალებას რომ მომცემდნენ, ის დავალება უნდა შემესრულებინა, გეოდეზიური და კარტოგრაფიული კუთხით.
პროკურორი მიხეილ სადრაძე: თქვენ ბრძანეთ, დავალებას რომ მომცემდნენო და ვინ იძლეოდა ამ დავალებას?
ირაკლი ლეჟავა: კომისია იძლეოდა…
პროკურორი მიხეილ სადრაძე: ვინმე კონკრეტული ერთი პირი?
ირაკლი ლეჟავა: ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ბატონი ივერი მელაშვილი…
პროკურორი მიხეილ სადრაძე: კი ბატონო. კომისიის სხვა წევრები ახსენეთ და მათი ფუნქცია გახსოვთ რა იყო? სხვებზე რა შეგიძლიათ თქვათ გარდა ბრალდებულებისა?
ირაკლი ლეჟავა: ბატონი ვახტანგ დათუნაშვილი მახსენდება, [ასევე] სასაზღვრო ნაწილიდან იყვნენ…
პროკურორი მიხეილ სადრაძე: ფუნქციები გახსოვთ მათი, რა იყო?
ირაკლი ლეჟავა: ზუსტად გამიჭირდება…
პროკურორი მიხეილ სადრაძე: გადავიდეთ ბრალდებულის ფუნქციებზე, თქვენ როცა მოღვაწეობდით ამ კომისიაში, რას ხედავდით, რა ფუნქციებს ასრულებდნენ ეს ორი პირი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა?
ირაკლი ლეჟავა: საზღვრის დელიმიტაციის პროცესის წარმართვას...
პროკურორი მიხეილ სადრაძე: უფრო კონკრეტულად რომ ჩაგვიშალოთ, რაში გამოიხატებოდა?
ირაკლი ლეჟავა: მეორე მხარე არსებობს და მეორე მხარესთან მოლაპარაკებაა საჭირო და ეს მოლაპარაკება ძალიან რთული პროცესია.
პროკურორი მიხეილ სადრაძე: თქვენ თქვით, რომ ივერი მელაშვილი ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. რა საქმიანობას ასრულებდა, როგორც ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი და როგორც კომისიის წევრი?
ირაკლი ლეჟავა: ივერი მელაშვილი გეოდეზიურ საკითხებში გარკვეული იყო და მოლაპარაკებებს აწარმოებდა ძირითადად…
პროკურორი მიხეილ სადრაძე: ნატალია ილიჩოვა?
ირაკლი ლეჟავა: ასევე სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით…
პროკურორი, მიხეილ სადრაძე: ბრალდებულები რასაც ასრულებდნენ ამ კომისიის საქმიანობაში, კომისიის წევრებიც თუ ასრულებდნენ ამ ფუნქციებს?
ირაკლი ლეჟავა: ყველას თავისი დავალებები ქონდათ, ზუსტად ჩახედილი არ ვიყავი, მე ჩემი დავალება მქონდა
პროკურორი, მიხეილ სადრაძე: დავალებას ვისგან იღებდით, კიდევ ერთხელ რომ გვითხრათ
ირაკლი ლეჟავა: კომისიის თავმჯდომარისგან და ბატონი ივერი მელაშვილისგან
პროკურორი, მიხეილ სადრაძე: თქვენ თუ შეგისრულებიათ ის ფუნქციები, რასაც ბრალდებულები ასრულებდნენ კომისიაში?
ირაკლი ლეჟავა: დავალებებს ვასრულებდი…
ირაკლი ლეჟავას დაკითხვა სასამართლოში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მისთვის დასმული შეკითხვების პასუხი უმეტეს შემთხვევაში იყო "არ მახსოვს". მან არაერთხელ უთხრა სასამართლოს, რომ იმ ამბებიდან დღემდე "დიდი დრო იყო გასული" და კონკრეტული დოკუმენტების და ამბების გახსენება არ შეუძლია.
პროკურატურის მოწმემ სასამართლოს მოუყვა, რა ფუნქციას ასრულებდა თვითონ კომისიაში: აწვდიდა საჭირო რუკებს, ასრულებდა საველე სამუშაოს, სასაზღვრო ადგილებში აზომვას, რუკაზე დაჰქონდა კოორდინატები და შემდეგ ეს მონაცემები ფიზიკურ და ციფრულ რუკებზე გადაჰქონდა. ირაკლი ლეჟავას განმარტებით, რუკებს საგარეო საქმეთა სამინისტრო მის სამსახურს წერილობით სთხოვდა და წერილობითვე იღებდა შეტყობინებას კომისიის სხდომებისა და დღის წესრიგის შესახებ.
პროკურორი მიხეილ სადრაძე: თქვენთვის რა არის ცნობილი, საზღვრის დადგენის პრინციპი რა იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის?
ირაკლი ლეჟავა: ჩემთვის ნაკლებად იყო ცნობილი. ჩემი დავალება იყო საქმიანობის წარმართვა. მე 2006 წლიდან ვიყავი, კომისია დიდი ხნის არის.
პროკურორი მიხეილ სადრაძე: რაც გახსენდებათ…
ირაკლი ლეჟავა: რუკებზე იყო საუბარი, რომელიც არ მახსენდება
პროკურორი, მიხეილ სადრაძე: რუკებზე რომ იყო საუბარი, ვინ მუშაობდა კომისიის წევრებიდან ამ რუკებზე?
ირაკლი ლეჟავა: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა...
ირაკლი ლეჟავამ სასამართლოს განუმარტა, რომ კომისიას სხვადასხვა სხვადასხვა დროს გამოცემული და სხვადასხვა ტიპის რუკები სჭირდებოდა. ძირითადად ეს იყო გასული საუკუნის 60-80-იან წლებში გამოცემული ტოპოგრაფიული და სხვა სახის რუკები, რომლებზე დაყრდნობითაც ამუშავებდნენ კომისიის წევრები საზღვრის კონკრეტულ მონაკვეთებს. ნაბეჭდ რუკებზე მუშაობის შედეგად მიღებული სურათი მოწმდებოდა საველე სამუშაოებით და ამის შემდეგ ხვდებოდნენ ექსპერტთა ჯგუფის წევრები ერთმანეთს.
ირაკლი ლეჟავამ სასამართლოს უთხრა, რომ აზერბაიჯანელ და ქართველ ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრები შეთანხმების მიღწევას ისახავდა მიზნად, თუმცა ხშირად შეხვედრები ისე სრულდებოდა, რომ კონკრეტულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება არ გამოდიოდა. იმ შემთხვევებშიც კი, როცა ექსპერტთა ჯგუფები თანხმდებოდნენ კონკრეტულ მონაკვეთებზე, ეს არ ნიშნავდა საზღვრის შეთანხმებას. საქართველო აზერბაიჯანის საზღვარი დავით-გარეჯის მონაკვეთთან შეთანხმებული ამ დრომდე არ არის.
პროკურორი მიხეილ სადრაძე: საქართველოს მხრიდან [ექსპერტთა ჯგუფების] შეხვედრებზე ვინ იყო ყველაზე აქტიური?
ირაკლი ლეჟავა: ზუსტად არ მახსენდება, დიდი დრო გავიდა, მაგრამ ზოგადად ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო…
პროკურორი, მიხეილ სადრაძე: ხომ არ გახსენდებათ, რა მონაკვეთები შეთანხმდა?
ირაკლი ლეჟავა: არ მახსენდება…
ირაკლი ლეჟავამ ვერ გაიხსენა ვერც საზღვრის ხაზის შეთანხმების პრინციპები და ვერც საზღვრის კონკრეტული მონაკვეთების შეთანხმების პროცესი. ჩვენებაში, რომელიც მას გამოძიებისთვის აქვს მიცემული, ირაკლი ლეჟავა ამბობს, რომ იცოდა, აზერბაიჯანთან საქართველო საზღვრის შესათანხმებლად 1938 წელს საქართველოს და აზერბაიჯანის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმების მიერ ერთობლივად დამტკიცებულ 1 : 500 000 -იანი მასშტაბის რუკას რომ იყენებდა.
“გადმოცემით ვიცოდი, რომ ასე იყო. მე ხომ თავიდან არ ვიყავი ჩართული, ასეთი ინფორმაცია იყო” - ასე განმარტა მოწმემ მის ჩვენებაში ჩანაწერი. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ირაკლი ლეჟავა ამბობს იმასაც, რომ ამ რუკის უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკა, სადაც დატანილი იყო საზღვრის ხაზი, არ არსებობდა. გამოძიება ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება 1: 200 000 -იანი მასშტაბის რუკის გამოუყენებლობას, რომელიც ბრალდებულების მტკიცებით ხარვეზიანი რუკაა. ამ რუკის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზეა სრულად დავით-გარეჯის ტერიტორია, მაგრამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა მოქცეული მაგალითად წითელი ხიდი.
“1: 500 000 -ანი მასშტაბი რუკა ძალიან წვრილმასშტაბიანი რუკაა, სადაც ხაზი ან ნებისმიერი ობიექტი ადგილზე რომ მიხვალ, შეესაბამება ძალიან დიდ ფართობებს. იმიტომ ხდება დელიმიტაცია-დემარკაცია, რომ ეს საზღვრის ხაზი ჩამოვიდეს უფრო მსხვილმასშტაბიან რუკებზე. ეს ხაზი რეალობაში რომ დაადოთ ასე ვთქვათ, 500 000 მასშტაბის ხაზი რომ დაადოთ რეალობაში ტერიტორიას, 500 მეტრი ან იქით გამოვა, ან აქეთ, საერთო ჯამში ერთი კილომეტრია. დელიმიტაცია გულისხმობს ამის დაზუსტებას” - უთხრა მან სასამართლოს.
პროკურატურის მოწმეს ბრალდებულის ადვოკატებმა ჰკითხეს, კომისიაში რამდენად შესაძლებელი იყო განსხვავებული აზრის ან პოზიციის დაფიქსირება - ირაკლი ლეჟავამ თქვა, რომ ამის შესაძლებლობა ყველას ჰქონდა. მან ვერ გაიხსენა დავით-გარეჯთან და სხვა სადაო მონაკვეთებთან არსებული მოცემულობები, მაგრამ თქვა, რომ ჩიჩხიტურის კოშკთან და უდაბნოს მთასთან ხელახალი აზომვები ჩაატარეს მან და მისმა თანამშრომლებმა და ივერი მელაშვილის პოზიცია დავით-გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით საქართველოსთვის სასარგებლო იყო.
ირაკლი ლეჟავამ სასამართლოს უთხრა ისიც, რომ როცა ის საზღვრის დამდგენ კომისიაში მუშაობდა, საქართველოს ჯერაც არ ჰქონდა რუკები გაციფრულებული, რაც დამატებით სირთულეებს ქმნიდა სადაო მონაკვეთებზე მუშაობისას.
“მაშინ ასეთი ინფორმაცია საქართველოს ჯერ არ გააჩნდა, რომ ყველა ტოპოგრაფიული რუკა ციფრულად ყოფილიყო კოორდინატებში მოყვანილი. ასე შემიძლია ავხსნა სხვისთვის” - თქვა მან და განმარტა, რომ საველე სამუშაოებს ქართველი და ევროპელი სპეციალისტები ერთობლივად ატარებდნენ.
კარტოგრაფების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომები 15 და 27 დეკემბერს არის ჩანიშნული.