Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე: კლინიკამ სააკაშვილის სასამართლომდე ეტაპირების უფლება არ გასცა


ხატია დეკანოიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი
ხატია დეკანოიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, კლინიკა "ვივამედის" სამედიცინო პერსონალმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში ეტაპირების ნებართვა არ გასცა. ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს კლინიკასთან სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა:

"მე თვითონ ვესაუბრე მკურნალ ექიმს და ნევროლოგიური დაკვირვების შედეგად არის ძალიან მძიმე შედეგები. ნევროლოგის დასკვნა იყო პარასკევსაც და დღესაც მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ, როდესაც ადმინისტრაციას და მკურნალ ექიმს ვესაუბრე, მას საავადმყოფო და თვითონ ექიმები არ აძლევენ იმის უფლებას, რომ მისი ეტაპირება მოხდეს სასამართლო დარბაზში. ამბობენ, რომ პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, ამბობენ, რომ გზის იმ მონაკვეთში, საავადმყოფოდან სასამართლომდე, მძიმე შედეგი რომ არ დადგეს, ანუ პრაქტიკულად ლეტალური შედეგი, რაც მიუთითებს იმას, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ჯანმრთელობის კუთხით. ასევე ბადრაგი და პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ვერ აიღებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სასამართლო დარბაზში არ ხერხდება", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

მისი განცხადებით, ზედაპირული შეფასებითაც კი შეუძლია თქვას, რომ სააკაშვილი, ამჟამინდელი მდგომარეობის პირობებში, სავარაუდოდ, ჩვენების მიცემასაც ვერ შეძლებდა. ხატია დეკანოიძემ ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ არ სურდათ, ხალხს სააკაშვილი ამ მდგომარეობაში ენახა და ამიტომ არ მისცეს მას სასამართლო სხდომაზე დასწრების ნებართვა.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სხდომა განუსაზღვრელი დროით გადაიდო. მსგავსი გადაწყვეტილება სასამართლომ ამ საქმეზე პირველად მიიღო, მანამდე განხილვა თითო კვირით იდებოდა ხოლმე.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

XS
SM
MD
LG