Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ეს კვირაც შესაძლოა, ისეთივე რთული იყოს, როგორც წინა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ეს კვირაც შესაძლოა, ისეთივე რთული იყოს, როგორიც წინა კვირა იყო. გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ "ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ და სანამ მათ რაკეტები აქვთ, არ დამშვიდდებიან".

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის ძალები და მთელი სახელმწიფო ემზადებიან და ამუშავებენ ყველა სცენარს, მათ შორის პარტნიორებთან ერთად. ზელენსკიმ თანამოქალაქეებს მოუწოდა, გაითვალისწინონ საჰაერო განგაშის სიგნალები და შეძლებისდაგვარად ერთმანეთს დაეხმარონ. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რეგიონების უმრავლესობაში მოქმედებს ელექტროენერგიის მიწოდების ის გრაფიკი, რომელიც სისტემის სტაბილიზაციისთვისაა საჭირო და ენერგეტიკოსები სიტუაციას აკონტროლებენ.

გასულ კვირაში, 23 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მიიტანეს მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა. დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი.

რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულად განადგურება 10 ოქტომბრიდან დაიწყო. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, დაზიანებული, ან დანგრეულია პრაქტიკულად, ყველა თბოელექტროსადგური და ჰესი. ელექტროგადამცემ ხაზებთან კავშირის დაკარგვის გამო პრობლემები იქმნება ატომურ ელექტროსადგურებზეც. ქვეყანაში უმწვავესი ენერგოკრიზისია.

XS
SM
MD
LG