საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ქალები თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ. უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა მინისტრის მოადგილის კომენტარი გუშინ, 24 ნოემბერს, მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე - ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა სამსახურში მოკლა.
"ეს შემთხვევა და ზოგადად, ძალადობის შემთხვევები თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, რომ ყველა მოძალადემ, ვინც ჩაიდენს მსგავს ქმედებას, კანონის წინაშე უნდა აგოს უმკაცრესად პასუხი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ", - ამბობს მინისტრის მოადგილე.
გუშინ თერჯოლაში ერთ-ერთ მაღაზიაში კაცმა ყოფილი ცოლი სამუშაო ადგილზე მოკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მხოლოდ 2022 წლის პირველ ათ თვეში ქმარმა, ყოფილმა ქმარმა თუ პარტნიორმა 16 ქალი მოკლა. 2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, საქართველოში 190-მდე ქალია მოკლული.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" წერდა, რომ გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა სასამართლოს ძირითადად ოჯახურ დანაშაულებში გამოტანილი გადაწყვეტილებების ხარჯზე აქვს გაუმჯობესებული.