Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია 18 თვის განმავლობაში 2 064 სასამართლო სხდომას დააკვირდა - რა აჩვენა კვლევამ


"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩატარებულ 2 000-ზე მეტ სასამართლო სხდომაზე დაკვირვების შედეგად, სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის №16 ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში მოიცავს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ზუგდიდის სასამართლოებში გამოკვეთილ ტენდენციებს. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია წერს, რომ სასამართლო სისტემაში გამოწვევად რჩება პატიმრობისა და გირაოს დაუსაბუთებლად ან არასათანადო დასაბუთებით გამოყენების მზარდი მაჩვენებელი. პრობლემებად მიიჩნევა ადვოკატსა და ბრალდებულს შორის არასათანადო ან/და კონფიდენციალური კომუნიკაცია და ასევე თარჯიმნების კვალიფიკაცია სასამართლოს პროცესებზე.

ცალკეა გამოყოფილი ოჯახური დანაშაულის შემთხვევებში მსხვერპლის დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენება სასამართლო განხილვებზე. საიას დაკვირვებით, ბოლო წლებში მზარდი გამამართლებელი განაჩენების რიცხვი სწორედ ოჯახურ დანაშაულებზე გამოტანილი განაჩენების დამსახურებაა.

აი, რამდენიმე ძირითადი მიგნება 22 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშიდან:

  • 33 ადამიანის შემთხვევაში სასამართლოს პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების მისაღებად 15 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა - აქედან სამმა ბრალდებულმა ქართული ენა არ იცოდა.
  • სასამართლოში გამოცხადებულმა 9 ბრალდებულმა ისაუბრა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ. აქედან მხოლოდ 3 შემთხვევაში განაცხადა მოსამართლემ, რომ სავარაუდო ძალადობის შესახებ შესაბამის ორგანოს შეატყობინებდა.
  • ყველაზე ხშირად საპროცესო შეთანხმება ფორმდება საკუთრების წინააღმდეგ (30%) და ნარკოტიკულ (27%) დანაშაულებზე. ასევე ხშირია მისი გაფორმების შემთხვევები მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე (12%).
  • ერთ-ერთ სხდომაზე დაცვის მხარე პროცესზე გადახდის ქვითრით ხელში გამოცხადდა და თქვა, რომ საპროცესო შეთანხმების ოქმით გათვალისწინებული ჯარიმა წინასწარ გადაიხადა, ვინაიდან პროკურორმა ასე უთხრა - საია ამ შემთხვევას "საგანგაშოდ" მიიჩნევს.
  • საპროცესო შეთანხმების სხდომა საქმეთა ნახევარზე მეტში (51%) 15 წუთამდე დროში სრულდება.
  • რიგ შემთხვევაში სასამართლოს სხდომების გადადება ხდება საჭირო ექსპერტიზის დასკვნის გაჭიანურების გამო.
  • ოჯახურ დანაშაულებზე სასჯელის სახით სასამართლო ყველაზე ხშირად (46%) ე.წ. პირობით მსჯავრს იყენებს, იმის მიუხედავად, რომ ბრალდების მხარე ძირითადად (88%) პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.
  • სასამართლო პროცესზე თურქმენულ და ბოშურ ენებზე მოლაპარაკეებს თარჯიმნები ვერ დაუნიშნეს მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლომ ამ კონკრეტული ენების თარჯიმნები ვერ მოიძია. საია წერს, რომ პრობლემაა იმ თარჯიმნების კომპეტენციაც, ვინც პროცესებში მონაწილეობს.
  • ერთ-ერთ წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც შეეხებოდა ქურდობის ბრალდებას და დაზარალებული უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, ადვოკატმა დაზარალებული მოიხსენია ტერმინით „ვიღაც ბომჟი“.

XS
SM
MD
LG