საქართველოს მოქმედი, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. დღეს, 24 ნოემბერს, მან ჟურნალისტებს სააკაშვილის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემისას უთხრა, რომ თუ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა იარსებებს და მოსამართლეები გადაწყვეტილებას მიიღებენ, ორი პრობლემა გადაიჭრება.
"თუ ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას: ჯანმრთელობის, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და მეორე საკითხსაც გადაწყვეტს, ამით სასამართლო მოგვცემს იმის გარანტიას, რომ არის დამოუკიდებელი, რაც ქვეყნისთვის არის არანაკლებ მნიშვნელოვანი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მუდმივად იღებს ინფორმაციას.
"რაც ეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზედაც მე ყოველდღიურად ყურადღებით ვარ. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის და ჩვენი ღირსებისთვის", - აღნიშნა მან.
სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც BBC-ს მისცა, თქვა, რომ არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. მან ისევ გაიმეორა, რომ სააკაშვილის შეწყალება "დიდ პოლარიზაციას" გამოიწვევდა.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.