Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ზელენსკიმ რუსეთს კაცობრიობის წინაშე დანაშაულში დასდო ბრალი


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს კაცობრიობის წინაშე დანაშაულში დასდო ბრალი. ეს განცხადება მან ონლაინ გააკეთა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის უკანასკნელი მასირებული სარაკეტო დარტყმების შემდეგ იქნა მოწვეული.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა მსოფლიოს არ შესთავაზა არაფერი გარდა ტერორისა, დესტაბილიზაციისა და დეზინფორმაციისა.

რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილები ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, დღეს რუსეთმა უკრაინას დაუშინა 67 რაკეტა, აქედან 51-ის ჩამოგდება მოხერხდა. 30 რაკეტა მარტო კიევს ესროლეს. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა მინიმუმ ათი ადამიანი და 30 დაიჭრა.

უშიშროების საბჭოს სხდომამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთის დარტყმები აზრს მოკლებულია სამხედრო თვალსაზრისით და მათი მთავარი მიზანია „უკრაინელ მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს შორის მოკლულთა და ტანჯულთა რაოდენობის გაზრდა“.

ვაშინგტონში ასევე განაცხადეს, რომ სროლა ზრდის რეგიონის ატომურ ელექტროსადგურებში ავარიების რისკს.

XS
SM
MD
LG