Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენია წყვეტს ბაობაბების ექსპორტს ბიომეკობრეობის საფრთხის გამო


კენიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ბუნებისდამცველების შეშფოთების ფონზე აეკრძალა უცხოური კომპანიებისთვის ბაობაბების მიყიდვა, გაუქმდა ყველა ის ლიცენზია, რაც ამ მიზნით იყო გაცემული კენიის სანაპირო რეგიონ კილიფში. კენიის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ დოკუმენტში ნახსენებია 8 ხე, რომლებიც საქართველოში გამოსაგზავნად იქნა შეძენილი და რომელთა გადარგვის ლიცენზიაზე განაცხადი 2022 წლის 28 ოქტომბერსაა გაკეთებული. ამ დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, ვისთვის იყო განკუთვნილი ეს ხეები საქართველოში ან ვინ შეიძინა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მათი ამოთხრის და ტრანსპორტირების ლიცენზია.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ ბაობაბებს აღარ გაიტანენ ექსპორტზე, სანამ მხარეებს შორის ხელშეკრულებების დადების წესი სათანადოდ არ დარეგულირდება", - ასეთია კენიის გარემოს დაცვის მინისტრის პოზიცია, რომელსაც BBC-ი აქვეყნებს.

ბაობაბები კენიის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციითაა დაცული - ბაობაბების ექსპორტის შესახებ რამდენიმე ჟურნალისტური მასალა მომზადდა გასული ერთი თვის განმავლობაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიაში.

კენიის ტელევიზიის მიერ ნოემბრის დასაწყისში გაკეთებულ ვიდეოსიუჟეტში გვხვდება ქართველი ინვესტორი გიორგი გვასალია, რომელიც ჟურნალისტს უყვება, რომ საქართველოში არსებობს ადგილი, სადაც სამი კონტინენტიდან ჩამოტანილი ხეები მათთვის შესაბამის კლიმატურ პირობებში შესანიშნავად ხარობენ.

გიორგი გვასალიას ვხვდებით "გარდიანის" მიერ 24 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაშიც, რომელშიც ნათქვამია, რომ ის 2019 წლიდან აგროვებს "უნაკლო" ხეებს საქართველოში წასაღებად და ამისთვის კენიაში, კილიფის რეგიონში დრონებსაც კი იყენებდა მათ მოსაძებნად. "გარდიანი" წერს, რომ აფრიკელ ფერმერებს გვასალია 700-დან 2 200 ფუნტ სტერლინგამდე თანხას უხდიდა თითო ხეში, რომელთაც საქართველოში ბოტანიკურ ბაღში დასარგავად ყიდულობდა.

XS
SM
MD
LG