გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გაათავისუფლოს გზა მოლაპარაკებებისთვის.
„შეაჩერეთ ეს ომი, გაიყვანეთ თქვენი ჯარები და გაასუფთავეთ გზა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, რომელიც შეუძლებელია, უკარნახოს რუსეთმა უკრაინას, - თქვა შოლცმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონფერენციაზე, - არცერთი ქვეყანა არ არის მეზობლის უკანა ეზო. არავის აქვს უფლება, მიითვისოს სხვისი ტერიტორია“.
ოლაფ შოლცმა ეს განცხადება ბადენ-ვიურტემბერგში გამართულ სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, დამპყრობლური პოლიტიკის გამო, რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტზე იზოლაციაში აღმოჩნდა.
გერმანიის კანცლერი ვლადიმირ პუტინს ბოლოს 13 სექტემბერს ესაუბრა ტელეფონით, საათ-ნახევრის განმავლობაში. შოლცმა მაშინაც მოუწოდა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის, ჯარების გაყვანისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ.