უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევში შეხვდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, უილიამ ბერნსს, რომელიც რეგიონში იმყოფება უკრაინის ომის საკითხებზე მოსალაპარაკებლად.
„ჩვენ გვქონდა მასთან შეხვედრა, ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, რომლებიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის“, - თქვა ზელენსკიმ სატელევიზიო პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ მათ განიხილეს, მისი სიტყვებით, რუსეთის ბირთვული მუქარა.
ბერნსი კიევში იყო 15 ნოემბერს, როცა რუსეთი ქალაქს თავს ესხმოდა რაკეტებით. CIA-ის ხელმძღვანელმა შეხვედრამდე დრო ბუნკერში გაატარა, თქვა ზელენსკიმ.
14 ნოემბერს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეხვდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბერნსმა ნარიშკინი გააფრთხილა შედეგებზე, რომლებიც მოჰყვება რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას.
ეს იყო პირველი, საჯაროდ ცნობილი უშუალო კონტაქტი აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.