Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა


რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგები კიევში
რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგები კიევში

რუსეთის არმიამ მასირებული სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინის რამდენიმე ქალაქსა და ოლქზე. უკრაინული მედია, სულ ცოტა, ერთი დაღუპულის შესახებ იუწყება.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმა მიაყენეს კიევის პეჩერსკის რაიონს - დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი. აფეთქების ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები, მუშაობენ მაშველები.

კლიჩკოს განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქთან მიახლოებისას რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა კიევში სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების ამსახველი ვიდეოკადრები.

ამავდროულად, ნიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა უკრაინის ტერიტორია ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს.

ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ იტყობინება ქალაქის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი. მისი ინფორმაციით, ქალაქში შეჩერებულია მეტროს მუშაობა, რამდენიმე რაიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი.

ლვოვში აფეთქებების ხმები ისმის, დაწერა ქალაქის მერმა ანდრი სადოვიმ. მისი ინფორმაციით, ქალაქის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ დაადასტურა, რომ რუსული რაკეტები მოხვდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს.

უკრაინული მედიის ცნობით, სარაკეტო იერიში განხორციელდა ასევე ხმელნიცკის, როვნოს, ჟიტომირის, ვინიცის და დრეპროპეტროვსკის ოლქებშიც.

15 ნოემბერს ინდონეზიის ქალაქ ბალიში დაიწყო "დიდი ოცეულის" ორდღიანი სამიტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაა ომი უკრაინაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მანამდე გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ სამიტის პარალელურად რუსეთს შესაძლოა, მასირებული სარაკეტო იერიში მიეტანა უკრაინაზე.

XS
SM
MD
LG