Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მუშევანში RMG-ის მიერ ოქროს მოპოვებაზე ნებართვას გაასაჩივრებს 


არქივის ფოტო: საპროტესტო აქცია სოფელ მუშევანში, 13 სექტემბერი
არქივის ფოტო: საპროტესტო აქცია სოფელ მუშევანში, 13 სექტემბერი

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 1 ნოემბერს ბოლნისის სოფელ მუშევანთან ოქროს მოპოვებაზე ნებართვა RMG-ზე კანონის დარღვევით გასცა, რასაც ორგანიზაცია სასამართლოში გაასაჩივრებს. დღეს, 15:00-ზე კი ნებართვის გაცემის გასაპროტესტებლად მუშევანში აქცია დაიგეგმა.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" დარღვევებს შორის აღნიშნავს იმას, რომ პროცესში სათანადოდ არ მონაწილეობდა ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობა, სააგენტომ კი არ განიხილა და უგულებელყო "სოციალური სამართლიანობის ცენტრისა" და გარემოსდაცვითი ექსპერტის მიერ წარდგენილი შენიშვნები.

"სოფელ მუშევანში უკვე გამოჩნდა სამუშაო ტექნიკა და როგორც გზშ დოკუმენტაციიდან ირკვევა, წიაღისეულის მოპოვება სოფელ მუშევანიდან 808 მეტრში ღია კარიერული წესით მოხდება, რაც მოითხოვს კვირაში 1-2 აფეთქებას, ხოლო მოპოვებული მადნის ტრანსპორტირება დაგეგმილია ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით.

გარდა ამისა, სოფელთან ახლოს იგეგმება მასშტაბური დამხმარე ინფრასტრუქტურის აგება. კერძოდ, დაგეგმილია საწარმოო მოედნის, მომსახურე პერსონალის ოფისის, ტექნიკის ავტოსადგომის, მისასვლელი გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა. გარდა ამისა, კარიერის მიმდებარედ განთავსდება 25,7 ჰექტარი ფართობის ფუჭი ქანების სანაყარო.

მოცემულ ეტაპზე დაგეგმილი საქმიანობა გულისხმობს ღია კარიერული წესით ოქროს და სპილენძის მოპოვებას მომდევნო 6 წლის განმავლობაში, თუმცა კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს როგორც ამ ვადის ისე, მოპოვების არეალის გაზრდა", - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, მუშევანის მოსახლეობა წუხს, რომ ოქროს მოპოვების სამუშაოები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს მათ სოფელზე: "გარდა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისა, მოპოვება, მიწის დაბინძურების გამო, შეიცავს სარჩოს დაკარგვის რისკებს".

ოქროს დაგეგმილი მოპოვების არეალი ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" წერს, რომ მოსახლეობის ინფორმაციით, წიაღისეულის მოპოვების საკითხზე საჯარო განხილვას სოფლის დაახლოებით 600 მუდმივი მცხოვრებიდან მხოლოდ დაახლოებით 70 ესწრებოდა, საჯარო განხილვის შესახებ გამოკრული ცნობა კი მხოლოდ ქართულ ენაზე იყო:

"ადგილობრივების ცნობით, განხილვაზე ერთი თარჯიმნის არსებობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა მათთვის ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემას. გარდა ამისა, მოსახლეობისთვის მიწოდებული არ ყოფილა უმცირესობის ენაზე თარგმნილი გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში ან, როგორც მინიმუმ, აღნიშნული ანგარიშის არატექნიკური რეზიუმე.

ამ ვითარებაში გამოდის, რომ პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობას ინფორმაცია მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიეწოდა და მათ არ ჰქონდათ საშუალება, წერილობითი ფორმით არსებულ დოკუმენტაციაში დაეზუსტებინათ ან გადაემოწმებინათ მათთვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხები".

მოპოვების სამუშაოების შესაძლო დაწყების გასაპროტესტებლად, მუშევანში საპროტესტო აქცია გაიმართა 13 სექტემბერსაც. მაშინ შეკრებაზე გავიდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც "RMG გოლდის" საქმიანობას ემხრობიან.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენლის, ქამრან მამადლის თქმით, ისინი, ვინც "RMG-ის" სამუშაოებს არ აპროტესტებენ, პრობლემებსაც იაზრებენ, თუმცა კომპანია მხარდაჭერის სანაცვლოდ, არაოფიციალურად, ხალხს სოფელში წყლის შეყვანას შეჰპირდა.

ცენტრის ინფორმაციით, სოფელს, სადაც მოსახლეობის 99.9% ეთნიკური აზერბაიჯანელია, დღემდე არ აქვს ისეთი საბაზისო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი, სოფლის შიდა გზები, სარწყავი სისტემა.

სექტემბერში მოსახლეობის პროტესტს კომპანია "RMG" გამოეხმაურა. მისი განმარტებით, სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა სწორედ კომპანიის სამუშაოებს უჭერს მხარს და ადგილობრივებთან გაფორმებულია სოფლის განვითარების მემორანდუმი:

" კომპანიამ უკვე გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი, კერძოდ, ადგილობრივ მოსახლეობასთან გააფორმა სოფლის განვითარების მემორანდუმი, განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის პოზიტიურ შედეგებსაც უკვე გრძნობს მუშევანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. კერძოდ, მიმდინარეობს სოფლის წყლით მომარაგების სამუშაოები, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები".

კომპანიაში აცხადებენ, რომ მუშევანის პროექტი მდებარეობს სოფლიდან მოშორებით და გამორიცხულია სოფელზე რაიმე ფორმის ზემოქმედება ეკოლოგიური თვალსაზრისით: "ეს დასტურდება წინასწარ ჩატარებული კვლევებით და ცნობილია მოსახლეობის უმრავლესობისთვის".

"RMG GOLD-ი" ოქროს მოპოვების მიზნით ბოლნისის რაიონში ღია კარიერებს ამუშავებს და კაზრეთის საწარმოში სპილენძის და ოქროს 70-პროცენტიანი შემცველობის მადანი გამოჰყავს, რომელსაც მსოფლიოს ბირჟებზე ყიდის.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია "RMG GOLD-ს" გარემოს დაბინძურებასა და ისტორიული ძეგლების განადგურებაში ადანაშაულებს. ყველაზე გახმაურებული იყო საყდრისის ბორცვის აფეთქება - ზოგიერთი უცხოელი სპეციალისტის მტკიცებით, ამ ტერიტორიაზე ხუთი ათასი წლის წინ გათხრილ შახტებში ოქროს მოიპოვებდნენ.

XS
SM
MD
LG