მომზადებულია „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ პუბლიკაციის მიხედვით
იმ ფონზე, როდესაც რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე გამოხატავს ღიად თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას რუსეთის მიერ ჩატარებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ მიმართ, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ფრონტის ხაზზე გამგზავრების წინ მობილიზებულ რეზერვისტებს, საბრძოლო მომზადების ელემენტების გარდა, მოწინააღმდეგის „ფაშისტური პროპაგანდის ზეგავლენისგან ნეიტრალიზებასაც ასწავლის“.
ერთ-ერთი იძულებით მობილიზებული მოსკოვის ოლქის მცხოვრების მეუღლემ, რამდენიმე დღის წინ რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ გაუგზავნა იმ ბუკლეტის სურათი, რომელიც უკრაინაში გამგზავრების წინ მისი ქმრის სამხედრო ნაწილში მყოფ ყველა მობილიზებულს დაურიგეს.
ბროშურას ეწოდება „ფაშისტური (ნეონაცისტური) საინფორმაციო ფსიქოლოგიური ზემოქმედების განეიტრალების მეთოდები და საშუალებები“. თავად ბროშურა მომზადებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ და, როგორც სამხედრო უწყებაში ვარაუდობენ, ამ მეთოდების შესწავლამ უკრაინაში საომრად გასაგზავნი სამხედრო მოსამსახურეები „მოწინააღმდეგის საინფორმაციო შეტევებისგან“ უნდა დაიცვას.
„სიფრთხილით“ და შეზღუდულად ენდეთ საკუთარ თვალ-ყურსაც კი
რუსეთის საინფორმაციო ომის სპეციალისტთა მიერ მომზადებული რეკომენდაციების თანახმად, „მოწინააღმდეგის საინფორმაციო ბრძოლის ქვედანაყოფის“ ზოგადი მიზანი რუსეთის ჯარში „სუსტი წერტილების“ მოძებნა და მისი რიგების „ვირუსული ახალი ამბებით“ გავსებაა. და როცა ეს ვირუსი შეაღწევს რუსეთის არმიაში, შემდეგ იგი „თავად დაიწყებს გამრავლებას და ახალ-ახალი დეტალებით გაჯერებას“.
შესაბამისად, ბროშურის გასაიდუმლოებული ავტორები მობილიზებულებს მოუწოდებენ, რომ დაუჯერონ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ოფიციალურ წყაროებს, კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტსა და სოციალურ ქსელებს, ასევე გამოიყენონ „კონსპიროლოგიური აზროვნების“ ზოგიერთი უნარი.
აი, ზოგიერთი რეკომენდაცია:
- იყავით სკეპტიკური;
- წაშალეთ გადაუმოწმებელი წყაროები, არააქტუალური პაბლიკები, სოციალური ქსელებისა და მესენჯერის არხები;
- ყური არ ათხოვოთ „ყვითელ რადიოს“ და „ანონიმ ბლოგერებს“.
გარდა ამისა, მეთოდური მითითებების ავტორები მობილიზებულ რუს რეზერვისტებს ურჩევენ, რომ „სიფრთხილით“ და შეზღუდულად ენდონ საკუთარ თვალ-ყურსაც კი, „მინიმუმამდე შეამცირონ“ ე.წ. ჩათებისა და ტელეგრამის არხების კითხვის დრო და ამის ნაცვლად „საქმეს მიხედონ“, ანუ „იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით“. მაგრამ თუ რამდენად არის შესაძლებელი ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება ფრონტის ხაზზე, ამის შესახებ ბროშურაში არაფერია ნათქვამი.
ცნობილია, რომ ასეთი ლიტერატურა მოსკოვის ოლქში მდებარე ყველა სამხედრო ნაწილში დაარიგეს. ის ჩართულია ლექციათა იმ კომპლექტში, რომელიც იძულებით მობილიზებულ რუსეთის მოქალაქეებს არწმუნებს, რომ ისინი უკრაინაში მიდიან არა უკრაინელების, არამედ „ნატოს ძალებისა და დაქირავებულთა ხროვების“ წინააღმდეგ საბრძოლველად.
ეს ის ოფიციალური ნარატივია, რომელსაც თავის გამოსვლებში ხშირად იყენებენ ვლადიმირ პუტინი და მისი გარემოცვა. განსაკუთრებით რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი.
სულ ახლახან, 4 ნოემბერს მედვედევმა თავის ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა მორიგი პოსტი, რომელშიც რუსეთის ყველა მტერს „ცეცხლოვან გეენაში გაგზავნით“ ემუქრება.
უცნაურ ეპისტოლარულ ჟანრში, ერთგვარ თვითინტერვიუში დასმულ შეკითხვაზე, თუ რისთვის იბრძვიან რუსები უკრაინაში, მედვედევი უპასუხებს, რომ „ჩვენ ვიცავთ ჩვენს ხალხს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისთვის, ისტორიისთვის“, ხოლო რუსები „ებრძვიან გიჟი ნარკომან-ნაცისტების გროვას და მათგან დაშინებულ ხალხს, ასევე მყეფარე ძაღლების დიდ ხროვას დასავლური გალიებიდან“.
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დასაწყებისთანავე დმიტრი მედვედევი მკაცრ განცხადებებს აკეთებს და ღიად ემუქრება დასავლეთის ქვეყნებს. თავის პოსტებში ის ხშირად ახსენებს აპოკალიფსს, არმაგედონს, იყენებს სხვა ბიბლიურ ალუზიებს და არაერთხელ მიანიშნა ასევე რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე.
„მათ ხოცავდა როგორც მოწინააღმდეგე, ისე ჩვენი, რუსეთის არმია“
მაგრამ რუსეთის ლიდერობის მცდელობას, რომ დაარწმუნოს მოსახლეობა „გლობალური მტრების“ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაში, სულ უფრო და უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე ეკიდება სკეპტიკურად როგორც უკრაინის ფრონტზე, ისე ზურგში, რუსეთის სამხედრო ნაწილებში არსებული ქაოსისა და არაორგანიზებულობის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე.
ამ დღეებში რუსეთის ვოლოგდის ოლქიდან მობილიზებულ რეზერვისტთა ცოლებმა და დედებმა ოლქის გუბერნატორის, ოლეგ კუვშინიკოვის სახელზე გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც ისინი უკრაინის ფრონტის ხაზიდან თავიანთი ნათესავების დაბრუნებას ითხოვენ.
სოციალურ ქსელში „ვკონტაქტე“ ეს ვიდეომიმართვა მისმა ერთ-ერთმა თანაავტორმა, ელენა კუზნეცოვამ გამოაქვეყნა. კუზნეცოვას ინფორმაციით, ვოლოგდიდან მოქალაქეთა დიდი ჯგუფის მობილიზება ოქტომბრის დასაწყისში მოხდა. ამის შემდეგ მობილიზებულები გადასამზადებლად მიამაგრეს კალინინგრადის ოლქის ქალაქ გუსევში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს, სადაც მათ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უხდებოდათ ცხოვრება. ხოლო 1 ნოემბერს მათი ნათესავები გადაისროლეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფრონტის წინა ხაზზე, სადაც უკრაინის არმიამ მალე ისინი „ცეცხლის რკალში“ მოაქცია.
„შეიარაღებიდან მათ მხოლოდ ავტომატები ჰქონდათ. ბიჭები უკრაინის არმიის მხრიდან მძლავრ და გამანადგურებელ საარტილერიო დაბომბვაში აღმოჩნდნენ. მათ უტევდნენ დრონებიდან და თავზე აცვივოდათ მოწინააღმდეგის მიერ ნასროლი ფოსფორიანი ბომბები. ბიჭები აღმოჩნდნენ მომწყვდეულნი ცეცხლის ალყაში, მათ ხოცავდა როგორც მოწინააღმდეგე, ისე ჩვენი, რუსეთის არმია“, - ნათქვამია გუბერნატორისადმი ვოლოგდელ მობილიზებულთა დედებისა და ცოლების ვიდეომიმართვაში.
ანალოგიური მიმართვა, გასულ კვირაში, ვორონეჟიდან მობილიზებულთა ნათესავებმაც გაავრცელეს. მიმართვის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ მობილიზებული მოქალაქეები სარდლობამ გადაისროლა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოსთან, სადაც უკრაინის არმიის ინტენსიური იერიშის შედეგად ასობით რუსი სამხედრო დაიღუპა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის. პუტინის თანახმად, გაწვევას უნდა დაქვემდებარებოდნენ რეზერვში მყოფი მოქალაქეები და პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა მათ, ვისაც სამხედრო გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ფრონტზე გაგზავნამდე მობილიზებულებს შესაბამისი მომზადება უნდა გაევლოთ.
მიუხედავად იმისა, რომ 28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გატარებული ზომები დასრულდა, - უფლებადამცველები რეგულარულად იუწყებიან მობილიზაციის ამ გამოცხადებული წესების დარღვევებზე და იმაზე, რომ მობილიზებულთაგან ბევრს სამედიცინო შემოწმებაც კი არ ჩატარებია.
თავად მობილიზებულები სხვადასხვა არხით ცდილობენ მიაწვდინონ ხმა ნათესავებსა და უფლებადაცველებს იმ სავალალო მდგომარეობის შესახებ, რაც უკრაინაში, ფრონტის ხაზზე მყოფი რუსეთის არმიის რიგებში სუფევს.