Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მობილიზებული რუსი სამხედრო ლუგანსკის ოლქში დიდ დანაკარგებზე საუბრობს


საომარი მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში, საილუსტრაციო ფოტო
საომარი მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში, საილუსტრაციო ფოტო

სამხედრო მოსამსახურე კურსკის ოლქიდან, რომელიც არმიაში გაიწვიეს ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, ჰყვება რუსეთის არმიის დიდ დანაკარგებზე უკრაინის ლუგანსკის ოლქში. მობილიზებული პირის მშობლებთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა გამოცემა "Вёрстка-მ".

სამხედროს თქმით, მობილიზებულთა ჯგუფი ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნეს საჭირო წვრთნისა და აღჭურვის გარეშე. ის ამბობს, რომ სამხედროებს შეიარაღება არ აქვთ, არტილერია არასწორი მიმართულებით ისვრის, იარაღი 1985 წელს არის გამოშვებული და ჯარისკაცები ანასხლეტებით იღუპებიან. "გვიშველეთ, არ გვინდა საზარბაზნე ხორცი ვიყოთ", - ამბობს სამხედრო მოსამსახურე. ის დასძენს, რომ მობილიზებული სამხედროების ჯგუფმა, რომლის წევრიცაა, "ამბოხება მოაწყო" და უარს აცხადებს საომარი დავალებების შესრულებაზე.

უფრო ადრე კურსკის ოლქიდან მობილიზებული პირების ომოცდააათამდე ნათესავი ორი დღის განმავლობაში აქციას მართავდა სამხედრო პროკურატურის და ოლქის ადმინისტრაციის შენობებთან. ისინი მოითხოვდნენ სამხედროების ფრონტის წინა ხაზიდან გამოყვანას, რადგან, მათი თქმით, ჯარისკაცებს შესაბამისი წვრთნა არ აქვთ გავლილი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის. პუტინის თქმით, გაწვევას ექვემდებარებოდნენ რეზერვში მყოფი მოქალაქეები და პრიორიტეტი ენიჭებოდა მათ, ვისაც სამხედრო გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ფრონტზე გაგზავნამდე მობილიზებულებს შესაბამისი მომზადება უნდა გაევლოთ.

უფლებადამცველები რეგულარულად იუწყებიან მობილიზაციის ამ გამოცხადებული წესების დარღვევებზე და იმაზე, რომ მობილიზებულთაგან ბევრს სამედიცინო შემოწმებაც კი არ უტარდება.

28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გატარებული ზომები დასრულდა.

XS
SM
MD
LG