Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის" მფლობელზე ძებნა გამოაცხადა


ფოტოკოლაჟი: ვაჟა მელაძე კომპანია "მელაძის" სარეკლამო ვიდეოებიდან
ფოტოკოლაჟი: ვაჟა მელაძე კომპანია "მელაძის" სარეკლამო ვიდეოებიდან

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ეძებს ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის" მფლობელ ვაჟა მელაძეს. მის წინააღმდეგ, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ბრალდებით, გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. აღკვეთის ღონისძიებად მას გირაოც ჰქონდა შეფარდებული.

"სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება. საგამოძიებო ორგანოს თითქმის ყოველდღიურად მიმართავენ ახალი დაზარალებულები. ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 719 408 ლარს", - აცხადებენ პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყებაში აღნიშნეს, რომ სასამართლომ მას, 7000-ლარიანი გირაოს გადახდასთან ერთად, შეზღუდვები დაუწესა - უნდა ჩაებარებინა პასპორტი და პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე, აეკრძალა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა.

"მიუხედავად აკრძალვისა, ბრალდებული გამოძიებას მიემალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგამოძიებო უწყებაში აღნიშნეს, რომ მელაძეს თავდაპირველად ბრალდება 2022 წლის 25 ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით (სამი ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა. ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, 25 ოქტომბერს ბრალდება დაზუსტდა - კერძოდ, მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (20 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (6 ეპიზოდი) წარედგინა. იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო უწყება დაადასტურებს, რომ მელაძემ საქართველო დატოვა, მისი ბრალი დამძიმდება.

2022 წლის 31 ოქტომბერს ამ საქმეზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა კიდევ ორ ადამიანს, მათ შორის ერთ-ერთი მელაძის ცოლია. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (17 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (3 ეპიზოდი) წარედგინა.

"საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულის მეუღლე, უშუალოდ იყო ჩართული თაღლითურ სქემაში, იყო კომპანია “მელაძის” დამფუძნებელი, პირადად მონაწილეობდა საწარმოს მართვაში და მისი მითითებით ხდებოდა დაზარალებულების თანხების განკარგვა. ვინაიდან, აღნიშნული პირიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და იმყოფება მიმალვაში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - აღნიშნა პროკურორმა.

კიდევ ერთ ადამიანს ბრალი 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (4 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (2 ეპიზოდი) წარედგინა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 15 000 ლარის ოდენობით.

პროკურატურაში დამატებით თქვეს, რომ ვაჟა მელაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებდა ადამიანების პერსონალურ მონაცემებს, რის გამოც საქმის გამოძიება დაიწყო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და სოციალური ქსელში გავრცელების კვალიფიკაციით.

ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში, რომელიც ვაჟა მელაძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, ბრალდებული ადასტურებს, რომ ქვეყნიდან წავიდა. ის პასუხისმგებლობას საჯარო რეესტრში (შპს "მელაძე 2021-ის") ოფიციალურად რეგისტრირებულ მფლობელს აკისრებს.

"მას მოსთხოვეს წილი და შეკვეთების გადაცემა, რაზეც უარი განაცხადა. მკაფიოდ უთხრეს, რომ წაართმევდნენ ბიზნესს, თუ არ გადაუხდიდა", - ამბობს ვაჟა მელაძე ერთ-ერთ ვიდეორგოლში საკუთარ თავზე.

"მელაძე" ერთ-ერთი პოპულარული ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელთან პრობლემების შესახებ მოქალაქეების ნაწილი ფეისბუკჯგუფებშიც წერდა.

XS
SM
MD
LG