რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტ „სხემის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დასავლური კომპონენტები აღმოაჩინეს ირანული წარმოების სამხედრო დრონებში, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. რეპორტიორებმა შეისწავლეს ერთ-ერთი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.
დასავლელი ექსპერტები, რომლებიც ტექნოლოგიების უკანონოდ გადაცემაზე არიან სპეციალიზებული, ამბობენ, რომ ირანმა შესყიდვების ფართო გლობალური ქსელი შექმნა. ის გამოიყენებს ყალბ კომპანიებსა და სხვა შუამავლებს მესამე ქვეყნებში, რათა ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიები შეიძინოს აშშ-იდან და ევროკავშირიდან.
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ირანის ოფიციალური პირები და მედია პროპაგანდას უწევდნენ სამამულო წარმოებას, როცა ლაპარაკი იყო სამხედრო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატის, Mohajer-6-ის მასობრივ გამოშვებაზე. ამ დრონებს რუსეთის არმია უკრაინაში შეჭრისას იყენებდა.
რადიო თავისუფლების პროექტ „სხემის“ გამოძიებამ აჩვენა, რომ Mohajer-6-ის საწარმოებლად საჭირო კომპონენტები ნაწილობრივ დასავლური წარმომავლობისაა. ზოგი მათგანი წარმოებულია აშშ-სა და ევროკავშირში, რომლებმაც ადრე სანქციები დააწესეს ირანის წინააღმდეგ. ეს სანქციები კრძალავს ირანში ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ექსპორტს, ანუ ისეთი ნაწარმისა, რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებით. ამავე დროს Mohajer-6-ში ასეთი კომპონენტების არსებობა არ ნიშნავს, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის კომპანიები, რომლებიც მათ აწარმოებენ, არღვევენ სანქციებს. ყოველ შემთხვევაში, რადიო თავისუფლებას არ მოეპოვება ამის მტკიცებულება.
ირანული Mohajer-6-ის მინიმუმ ერთი მსხვილი უცხოური წარმოების კომპონენტი ადრე აღმოაჩინეს ჟურნალისტებმა დრონში, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა იპოვეს ბრძოლის ველზე: ესაა ძრავა, რომელიც დამზადებულია ავსტრიული ფირმის, BRP-Rotax GmbH & Co KG-ის მიერ. ის კანადური კომპანია Bombardier Recreational Products-ის შვილობილი ფირმაა.
რადიო თავისუფლების გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ამ დეტალების გარდა ირანის საბრძოლო დრონში ასევე არის კალიფორნიული ტექნოლოგიური კომპანიის მიერ დამზადებული მიკროჩიპები. იპოვეს ასევე თერმული გამოსახულების კამერა, რომელიც ჩამოჰგავს იმას, რასაც აწარმოებს კომპანია ორეგონში, თუმცა დრონში აღმოჩენილი ვარიანტები ჩინური ანალოგებია.
გარდა ამისა, აღმოჩნდა კომპონენტები, რომლებიც დამზადებულია ამერიკული ტექნოლოგიური ფირმა Texas Instruments-ის მიერ. კერძოდ, ძაბვის ტრანსფორმატორი. ამ კომპონენტების დასადგენად ჟურნალისტებმა შეისწავლეს ნაწილებად დაშლილი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს.
უკრაინის დაზვერვის შეფასებით, ირანული სამხედრო დრონი შეიცავს ჩრდილოეთ ამერიკის, ევროკავშირის, იაპონიისა და ტაივანის ოცდაათამდე სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიის კომპონენტებს.
იმ კომპონენტთა შორის, რომლების აღმოჩენაც შეძლეს ჟურნალისტებმა, არის ისეთებიც, რომლებიც წარმოებულია ამერიკული ტექნოლოგიური ფირმა Texas Instruments-ის მიერ. თუმცა პროდუქციის გამოქვეყნებულ ვიდეოში ეს კომპანია არ ფიგურირებს. Texas Instruments-მა ჟურნალისტების მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ კომპონენტებს არ ყიდის ირანში ან რუსეთში და დაიმოწმა ექსპორტის შესახებ ამჟამად მოქმედი კანონები და ინსტრუქციები. ამასთან, ის, რომ Mohajer-6-ში ტეხასური კომპანიის კომპონენტები შედის, არ ნიშნავს, რომ მათი მწარმოებლები არღვევენ აშშ-ის ან ევროკავშირის კანონებს. რადიო თავისუფლებას არ მოეპოვება იმის მტკიცებულება, რომ საქმე ეხებოდა პირდაპირ ირანისთვის პროდუქციის მიწოდებას.
როგორ იღებს თეირანი ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს აშშ-იდან და ევროკავშირიდან? „ექსპორტიორები იღებენ მოთხოვნას, მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ან სხვა მესამე ქვეყნიდან და ფიქრობენ, რომ მათ საქონელს იქაური საბოლოო მომხმარებელი ყიდულობს. მაგრამ სინამდვილეში მომხმარებელი ირანშია,“ ამბობს ლონდონის კინგს კოლეჯის სამხედრო კვლევების წამყვანი მეცნიერი დენიელ სალისბერი.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სექტემბერში დააწესა ახალი სანქცია. ის მიმართულია უშუალოდ ირანის კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, დაკავშირებული არიან უკრაინაში გამოყენებისთვის განკუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასთან და რუსეთისთვის გადაცემასთან.
„არაირანულმა და არარუსულმა კომპანიებმაც უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა თავი აარიდონ როგორც ირანული დრონების შექმნაში, ასევე მათ გადაცემაში მხარდაჭერას, ასევე რუსეთისთვის რაიმე სახის სამხედრო ტექნიკის მიყიდვას უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად,“ ნათქვამია სანქციების შესახებ ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ბრაიან ედი ნელსონის განცხადებაში.
ჩინური კამერები, კალიფორნიული ჩიპები
Mohajer-6-ზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო, ერთი წლის შემდეგ კი მოდელი სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს. ისლამური რევოლუციის გამარჯვების წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ირანის თავდაცვის მინისტრმა ამირ ჰათამიმ აღნიშნა, რომ ახალ ტაქტიკურ უპილოტო აპარატს შეუძლია თვალთვალი, დაზვერვა, ასევე სხვადასხვა სამიზნის განადგურებაში დახმარება. ჰათამიმ შეაქო, მისი თქმით, ირანში შექმნილი დრონი, რის შესახებაც შემდეგ წერდნენ ირანული მედიასაშუალებები:
„ჩვენ მიერ შექმნილი დრონი დამზადდა არმიის, თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია Quds Aviation Industries-ის თანამშრომლობით,“ მოჰყავს ინგლისურენოვან Tehran Times-ს ირანის სამხედრო ჩინოვნიკის მიერ 2019 წელს წარმოთქმული სიტყვა. უკრაინის სამხედროთა მიერ შესწავლილი Mohajer-6-ის ნაწილები სრულიად სხვა სურათს გვიჩვენებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნათლად ჩანს რეალურ დროში მომუშავე მინი-კამერა, რომელიც ჰონგ-კონგის კომპანია RunCam Technology-ის მიერ არის წარმოებული. როგორც საგამოძიებო პროექტ „სხემის“ ჟურნალისტთა ხელთ არსებული დოკუმენტები აჩვენებს, უკრაინის დაზვერვამ ასევე დაადგინა, რომ კამერა, რომელიც, როგორც ჩანს, უპილოტო საფრენი აპარატის მართვისთვის გამოიყენება, ასევე RunCam-ის მიერაა წარმოებული.
კომპანია RunCam-ი 2013 წელს დაარსდა და ის მონაწილეობს ე.წ. „რეალური დროის კამერების“ შექმნასა და წარმოებაში. „ჩვენი მომხმარებლები ჩვენი მეგობრები არიან“ - ნათქვამია კომპანიის ვებსაიტზე. საიტზე ვხვდებით ინფორმაციას, რომ RunCam-ს ორი ავტორიზებული ირანელი დილერი ჰყავს.
თავის წერილში RunCam-ი რადიო თავისუფლებას ატყობინებს: „ძალზე ვწუხვართ, რომ RunCam-ის პროდუქცია საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენებოდა. RunCam-ი დასპეციალებულია პროდუქციის წარმოებაზე თვითმფრინავებით გატაცებული მოყვარულებისთვის. ჩვენ არასოდეს გვქონია კავშირი შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ არცერთ კლიენტთან“.
უფრო რთული საქმეა მხოლოდ უკრაინაში ნაპოვნი დრონის საფუძველზე Mohajer-6-ის თერმული გამოსახულების კამერების წარმომავლობის დადგენა. ერთი მხრივ, ის ანალოგიურია მოდელ Ventus Hot-ისა, რომელსაც კომპანია Sierra-Olympic Technologies აწარმოებს. კომპანიას აშშ-ის შტატ ორეგონში უდევს ბინა. ამავე დროს ეს მოდელი მოგვაგონებს მის უფრო იაფ ანალოგსაც, რომელსაც ჩინური კომპანია Qingdao Thundsea Marine Technology უშვებს.
Qingdao Thundsea Marine Technology რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ წერილში იტყობინება, რომ „არავითარი საქმიანი ურთიერთობა არა აქვს ირანთან“, ვინაიდან „ამას შეეძლო გავლენა მოეხდინა ჩვენს ბიზნესზე“. კომპანიამ განაცხადა, რომ დასპეციალებულია საზღვაო მომსახურებაზე და არ ეწევა მსგავს წარმოებას. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ მას გარიგებით დასრულებული არცერთი შეკვეთა არ ჰქონია იმ თერმული გამოსახულების კამერის ონლაინრეკლამის საფუძველზე, რომელიც ჰგავს ირანულ დრონში ნაპოვნ კამერას.
უპილოტო საფრენი აპარატიდან ამოღებულ მიკროჩიპებს შორის იყო ისეთებიც, რომლებსაც ეხატა კალიფორნიული კომპანია Linear Technology Corporation-ის ლოგო. ეს კომპანია შედის მასაჩუსეტსის ფირმა Analog Device, Inc.-ში (ADI), რომელიც ნახევარგამტარებს აწარმოებს. ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის ფირმას ჯერჯერობით არ ჰქონდა პასუხი გაცემული ირანული დრონების თაობაზე რადიო თავისუფლების მიერ მისთვის გაგზავნილ შეკითხვებზე.
უკრაინის დაზვერვის მონაცემები, რომლებიც გააანალიზეს პროექტ „სხემის“ ჟურნალისტებმა, ასევე მოწმობს, რომ Mohajer-6-ის მოდემში გამოყენებული იყო კომპანია Dallas Texas Instruments-ის კომპონენტები, მაგრამ ამ მონაცემების დამოუკიდებელი მტკიცებულებების მოპოვება ვერ მოხერხდა. კომპანიამ ელექტრონულ წერილში მისწერა რადიო თავისუფლებას, რომ საკუთარ ნაწარმს „არ ყიდის რუსეთში, ბელარუსსა და ირანში“.
„TI იცავს კანონებსა და წესებს ქვეყნებში, სადაც ვმუშაობთ და მხარს არ უჭერს და არ ამართლებს ჩვენი პროდუქციის გამოყენებას მოწყობილობებში, რომლებისთვისაც ის არ არის განკუთვნილი,“ განაცხადა Texas Instruments-მა.
ჟურნალისტებმა ასევე აღმოაჩინეს რამდენიმე კომპონენტი, რომლებზეც იკითხება კალიფორნიული კომპანია Xilinx-ის სახელწოდება. მის დედობილ კომპანია Advanced Micro Devices-ს (AMD) ასევე კალიფორნიაში უდევს ბინა. რადიო თავისუფლების მოთხოვნას კომპანიამ პასუხი არ გასცა.
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, Xilinx-ის ერთ-ერთი კომპონენტი ნაპოვნია Mohajer-6-ის ფრთაში, ვიდეომონაცემების გადაცემის არხის მოდულში, რომელიც დარტყმების განხორციელებას უწყობს ხელს.
„ეს მოდული ბორტიდან ინფორმაციას გადასცემს რაკეტის სათავო ნაწილს. ანუ რაკეტის დამიზნებას უწყობს ხელს. ამ მოდულის მეშვეობით რაკეტა სამიზნისკენ მიემართება,“ უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა.
უნებართვოდ
როგორც მედია იტყობინებოდა Mohajer-6-ის კომპონენტების შესახებ, არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ ირანული დრონის ძრავა დამზადებულია ავსტრიულ კომპანია BRP-Rotax GmbH & Co KG-ში, რომლის სათავო კომპანიაა Bombardier Recreational Products-ი (BRP), რომელსაც კვებეკში უდევს ბინა.
კანადურმა კომპანიამ რადიო თავისუფლების წერილის პასუხად განაცხადა, რომ „თავისი დისტრიბუტორებისთვის მიწოდებების თაობაზე არ მიუნიჭებია უფლებამოსილებები და არ მიუცია არავითარი უფლება ირანში ან რუსეთში სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოებლად“. „როგორც კი შექმნილი ვითარების შესახებ შევიტყვეთ, დავიწყეთ გამოძიება, რათა დავადგინოთ ძრავების წყაროს წარმომავლობა,“ განაცხადა BRP-მ.
მაგრამ „სხემის“ ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ Rotax-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი, რომელიც არის მითითებული ავსტრიული ფირმის საიტზე, საკუთარ თავს სულ ახლახან, 2020 წელს უწევდა რეკლამას როგორც ირანისთვის საავიაციო ძრავების დისტრიბუტორს. დისტრიბუტორის, იტალიური კომპანია Luciano Sorlini S.p.a.-ს დოკუმენტები მოწმობს, რომ ის მრავალრიცხოვან სარეკლამო ინფორმაციაში პოტენციურ მყიდველს ეცნობოდა Rotax-ის პროდუქციის დისტრიბუტორად მრავალ ქვეყანაში. ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში ასეთი ქვეყნების სიაში ირანიც იყო დასახელებული.
BRP-ს 4 იანვრის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებმა მიიღეს ელექტრონული ფოსტით, ნათქვამია, რომ Luciano Sorlini S.p.a. არის Rotax-ის საავიაციო ძრავების ოფიციალური დისტრიბუტორი ირანში, მაგრამ „2019 წლიდან ირანში Rotax-ის არავითარი ძრავა არ იყიდება და ირანს არავითარ ძრავებს არ მივყიდით.“
კანადურმა კომპანიამ განაცხადა, რომ ის ახორციელებს „შიდა კონტროლს“, რაც „მნიშვნელოვნად ზღუდავს“ მისი პროდუქციის გაყიდვას სამხედრო მიზნებით. „ჩვენ ჩვენს ბიზნესს ვაწარმოებთ ევროკავშირის, კანადისა და აშშ-ის ყველა მოქმედი წესის შესაბამისად,“ წერს BRP.
Rotax-ის საიტზე დილერების სიაში ასევე ნახსენებია კომპანია MahtaWing-ი, რომელსაც თეირანში უდევს ბინა. ეს კომპანია Rotax-ის ძრავების რემონტს აწარმოებს, მათ შორის ძრავა Rotax 912 iS-ისა. ეს სწორედ ის ძრავაა, რომელიც აღმოჩნდა უკრაინაში ჩამოგდებულ Mohajer-6-ში.