ირანმა პირველად აღიარა რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება. მაგრამ ის აცხადებს, რომ ისინი უკრაინაში ომის დაწყებამდე გაიგზავნა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ დრონების „მცირე რაოდენობა“ გაიგზავნა რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე.
აბდოლაჰიანმა დასძინა, რომ თეირანი „გულგრილი არ დარჩება“, თუკი დამტკიცდება, რომ რუსეთი ირანულ დრონებს უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. მისი სიტყვებით, ირანსა და უკრაინას შორის არსებობს შეთანხმებები ასეთი მტკიცებულებების წარმოდგენის შესახებ.
აგვისტოს ბოლოს The Washington Post-ი იტყობინებოდა, რომ უკრაინაში ომში გამოსაყენებლად რუსეთში ჩაიტანეს ირანის უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია. ირანის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთისთვის საფრენი აპარატების მიწოდება.
კიევი მოსკოვს ბრალს სდებს, რომ ის დრონებს სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იყენებს. უკრაინული მხარის თანახმად, მისმა სამხედროებმა ირანული წარმოების 300-ზე მეტი დრონის ჩამოგდება მოახერხეს. რუსეთი უარყოფს ირანული დრონების გამოყენების თაობაზე ბრალდებებს.
The Washington Post-ის თანახმად, ირანი დათანხმდა, რუსეთს საიდუმლოდ მიაწოდოს არა მხოლოდ დრონები, არამედ „მიწა-მიწა“ კლასის ბალისტიკური რაკეტებიც.