საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში ნახვის უფლება არ მიეცა პოლონეთის სეიმის მარშლის მოადგილე, მალგოჟატა გოშევსკას, რომელიც საქართველოში სპეციალურად სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მოსანახულებლად ჩამოვიდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოლონელ პოლიტიკოსს არ ეძლევა საშუალება მოინახულოდ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი. მან ყოფილი პრეზიდენტის მონახულება 2022 წლის ივნისშიც უშედეგოდ სცადა, იმის მიუხედავად, რომ როგორც თვითონ ამბობდა, სააკაშვილთან შეშვების პირობა მას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთს პრემიერ მათეუშ მორავიეცკის თანდასწრებით მისცა.
კლინიკა ვივამედთან გოშევსკამ დღეს თქვა, რომ პოლონეთი კვლავ მზად არის, სამკურნალოდ წაიყვანოს სააკაშვილი.
"როგორც იცით, კიდევ ერთხელ მითხრეს უარი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე, ასევე ტელეკომპანია მთავარის დირექტორის, ნიკა გვარამიას მონახულებაზე. თავად ის ფაქტი, რომ პატიმრობაში იმყოფება ქვეყნის პრეზიდენტი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელეარხის დირექტორი, არც ისე კარგად მეტყველებს ამ ქვეყანაზე. ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ მივიღე უარი საპატიმრო დაწესებულებაში შესვლაზე, მინდოდა ჩემი თვალით მენახა, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი.
საქართველოში ჩემი წინა ვიზიტის დროს, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დამამცირებელი სიტყვებით მომიხსენია და თქვა, რომ ყველამ ისიც, ვინ არის ეს ქალი და რას წარმოადგენს. მან ვერ შეაფასა ჩემი რეალური პოზიცია. ქართველების უმეტესობა, ვისთანაც მაქვს შეხება, იციან, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, მაგრამ სპეციალურად ამ ბატონისთვის, მე გახლავართ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, წარმოვადგენ პარტიას, რომელიც უკვე მეორე ვადით არის ხელისუფლებაში. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ახორციელებს რეფორმებს პოლონეთში, ეხმარება უკრაინას. მრავალი წელია მხარს ვუჭერ ოპოზიციებს ისეთ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას" - უთხრა პოლონელმა პოლიტიკოსმა ვივამედთან შეკრებილ ჟურნალისტებს დღეს, 5 აგვისტოს.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები თვეებია ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად უარესდება და ითხოვენ მის გადაყვანას სამკურნალოდ მესამე ქვეყანაში. თავად სააკაშვილმა რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ მას საქართველოს პოლიტიკა აღარ აინტერესებს და სრულად უკრაინაში მიმდინარე ომია მისი ინტერესის საგანი. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არც საქართველოში ემუქრება საფრთხე და უარს ამბობს მისი რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ გაშვების შესაძლებლობის განხილვაზე.