დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო კომენტარს აკეთებს რუსეთის მიერ 29 ოქტომბერს გახმაურებულ ბრალდებებზე - ანექსირებულ სევასტოპოლში დრონებით თავდასხმასთან და მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებასთან „ბრიტანელი სპეციალისტების“კავშირის შესახებ.
ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთი „ეპიკური მასშტაბის ტყუილს“ იგონებს, რათა „ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში უკანონო შეჭრასთან დაკავშირებული კატასტროფული სიტუაციიდან“.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „ეს გამოგონილი ისტორია რუსეთის ხელისუფლების შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე უფრო ლაპარაკობს, ვიდრე - დასავლეთზე“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ტერორისტული აქტი“ უწოდა დრონებით თავდასხმას ანექსირებულ სევასტოპოლში და ამ „ტერაქტთან" შემხებლობაში დიდი ბრიტანეთის საზღვაო სამხედრო ძალების სპეციალისტები დაადანაშაულა. მათ ასევე აბრალებენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებას .
რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ბრიტანელი სპეციალისტები ბაზირებული არიან ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვში და წვრთნიან უკრაინელ სამხედროებს.
ამის შემდეგ, ცნობილი გახდა მოსკოვის გადაწყვეტილება - გამოეთიშოს "მარცვლეულის შეთანხმებას", რომელიც შედგა უკრაინასა და რუსეთს შორის. თურქეთისა და გაეროს შუამავლობით ივლისის ბოლოს ხელმოწერილი ამ დოკუმენტის შედეგად მოხერხდა ხორბლის გატანა უკრაინული პორტებიდან.
რუსეთის თავდაცვის საინისტრო იტყობინება, რომ, თავდასხმის შედეგად, „უმნიშვნელო დაზიანება“ მიიღო შავი ზღვის სამხედრო ხომალდმა „ივან გოლუბეცმა“ და სამხრეთი ყურის დამცავმა ჯებირმა [მაღალი დაცვის საინჟინრო კონსტრუქცია].
მოსკოვიდან ასევე განაცხადეს, რომ თავდასხმის დროს გამოყენებული იყო 9 დრონი და 7 საზღვაო ავტონომიური უპილოტო საფრენი აპარატი. შავი ზღვის ფლოტის გემებმა და ავიაციამ გაანადგურა ყველა სამიზნე - ნათქვამია განცხადებაში, რომლის გადამოწმებასაც დამოუკიდებელი წყაროები ვერ ახერხებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხეთის“ სარდლობის წარმომადგენელმა, ნატალია გუმელიუკმა განაცხადა, რომ მზადდება ოფიციალური პასუხი რუსეთის ბრალდებაზე „რომელიც სავსე იქნება ფაქტებით“.
29 ოქტომბერს, დილით აფეთქებების ხმა გაისმა ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის ყურეში. სევასტოპოლის "გუბერნატორის" მიხაილ რაზვოზჟაევის თქმით, შავი ზღვის ფლოტის გემები "უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმას იგერიებდნენ". ამასთან, მოსკოვის მიერ დანიშნული გუბერნატორი ირწმუნება, რომ იერიშის შედეგად "ქალაქში არცერთი ობიექტი არ დაზიანებულა".