29 ოქტომბრის დილით აფეთქებები გაისმა ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის ყურეში. სევასტოპოლის "გუბერნატორის" მიხაილ რაზვოზჟაევის თქმით, შავი ზღვის ფლოტის გემები "უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმას იგერიებდნენ". ამასთან, მოსკოვის მიერ დანიშნული გუბერნატორი ირწმუნება, რომ იერიშის შედეგად "ქალაქში არცერთი ობიექტი არ დაზიანებულა".
სევასტოპოლის აკვატორიაში უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა გახდა "ყველაზე მასშტაბური", როგორც რაზვოზჟაევი უწოდებს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული საომარი მოქმედებების განმავლობაში. მოხელემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა სამოქალაქო პირებისთვის აეკრძალა დაშვება სათვალთვალო კამერებზე, რათა მოქალაქეებს არ გადაეღოთ და არ გამოექვეყნებინათ სხვადასხვა ობიექტზე უპილოტო დრონების იერიშები და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის ამსახველი ფოტოები.
ამასთან, რუსული ტელეგრამის არხები აქვეყნებენ ფოტოს სევასტოპოლიდან, რომელზეც ჩანს აკვატორიის თავზე ავარდნილი სქელი კვამლი, წარწერით "აქრობენ კატარღას". უფრო ადრე ადგილობრივ "პაბლიკში" იტყობინებოდნენ, რომ კვამლი ჩანს პოლიგონზე, სადაც მობილიზებულები გადიან წვრთნას.
უკრაინული წყაროები, მათ შორის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო, წერენ, რომ სევასტოპოლის ყურეში მომხდარი აფეთქებების შედეგად, სავარაუდოდ, ოთხი რუსული ხომალდი დაზიანდა, მათ შორის სამხედრო ფრეგატი "ადმირალი მაკაროვი". სწორედ მისგან გაუშვეს კალიბრის რაკეტები ვინიცაში 2022 წლის ზაფხულში, მაშინ 27 ადამიანი დაიღუპა.
სევასტოპოლის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის გადაკვეთა გადაკეტილი იყო ბორნების, ნავებისა და სხვა წყლის ტრანსპორტისთვის, მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ ავტობუსებით.