რუსეთი და უკრაინა ოფიციალურად ადასტურებენ 29 ოქტომბერს განხორციელებულ სამხედრო ტყვეთა გაცვლის მორიგ პროცესს, რომლის დროსაც ორივე მხრიდან 102 პატიმარი გათავისუფლდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის ცნობით, უკრაინამ დაიბრუნა 50 სამხედრო მოსამსახურე და 2 სამოქალაქო პირი. მათ შორის, ეროვნული გვარდიის 12 მებრძოლი, ბატალიონ "აზოვის" 2 ჯარისკაცი და სხვადასხვა სახეობის ჯარის 36 სამხედრო მოსამსახურე.
რუსეთის მხარე კი აცხადებს, რომ გაცვლა მოხდა სქემით 50/50.
უკრაინა და რუსეთი რეგულარულად ცვლიან საბრძოლო მოქმედებების დროს დატყვევებულ სამხედრო და სამოქალაქო პირებს. ბოლოს პატიმრების გაცვლა 13 ოქტომბერს მოხდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს 20-20 ადამიანი.