Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს


უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილის გამოსვენება ქაშვეთიდან. 29 ოქტომბერი, 2022 წელი.
უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილის გამოსვენება ქაშვეთიდან. 29 ოქტომბერი, 2022 წელი.

29 ოქტომბერს, თბილისში, ვარკეთილის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი - მიხეილ ყაფლანიშვილი (კაპლანი). მისი დაღუპვის ამბავი, 21 ოქტომბერს, მეგობრებმა სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელეს. რუსეთის არმიასთან ბრძოლას ყაფლანიშვილი ლუგანსკის ოლქში შეეწირა.

მიხეილ ყაფლანიშვილის ცხედარი საქართველოში 27 ოქტომბერს დილით ჩამოასვენეს. დაკრძალვამდე, ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. უკრაინელი მეგობრები ავრცელებენ ფოტო და ვიდეომასალებს, რომლებიც ქართველი მებრძოლისთვის საეკლესიო რიტუალის შესრულებას ასახავს. მის კუბოსთან უკრაინული ჰიმნიც შესრულდა.

უკრაინელი და ქართველი მეგობრები ყაფლანიშვილს მამაც, უშიშარ, გულისხმიერ და მხიარულ ადამიანად ახასიათებენ. ისინი წერენ, რომ დანაკლისი უსაზღვროა.

როგორც იტყობინებიან, 46 წლის მიხეილ ყაფლანიშვილი უკრაინაში, კერძოდ - დონბასის მიმართულებით, აპრილიდან იბრძოდა.

უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, რომეო ფარულავამ დაღუპული მებრძოლის დედას უკრაინისა და საქართველოს დროშები და მეგობრების დაბარებული სამძიმრის სიტყვები გადასცა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, დროშები მას საგანგებოდ გამოატანა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ.

მინდა ყველამ იცოდეს, ძალიან მაგრად იბრძოლა [მიშა ყაფლანიშვილმა], ძალიან ვაჟკაცურად იბრძოლა, მაგრამ, სამწუხაროდ, დაბომბვის დროს ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა. ადგილზე დაიღუპა... დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!" - ამბობს ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი, ვანო ნადირაძე ვიდეომიმართვაში, რომელიც მან მიხეილ ყაფლანიშვილის დაღუპვის შესახებ გაავრცელა.

21 ოქტომბერს გავრცელდა ცნობები კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის - 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილის დაღუპვის შესახებ. ეს ინფორმაცია უკრაინაში ქართველთა დიასპორამ საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა. დედით უკრაინელი, უკრაინაში დაბადებული და გაზრდილი მარტიაშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული გვარდიის უფროსი ლეიტენანტი იყო. ის 26 ოქტომბერს უკრაინაში დაკრძალეს.

უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ 22 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

XS
SM
MD
LG