უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მიიჩნევს, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან განმეორებითი შეტევის საფრთხე იზრდება, მაგრამ შეტევის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს და მან ბელარუს-უკრაინის საზღვრის დასავლეთით გადაინაცვლოს.
"რუსეთის შეტევის მიმართულება შესაძლოა, შეიცვალოს ბელარუს-უკრაინის საზღვრის დასავლეთ მიმართულებით, რათა უკრაინას გადაუჭრან პარტნიორი ქვეყნებიდან იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მომარაგების ძირითადი ლოგისტიკური არტერიები", - ამის შესახებ 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსეი გრომოვმა განაცხადა.
გრომოვმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე გრძელდება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საავიაციო და სხვა დანაყოფების გადასროლის პროცესიც.
გარდა ამისა, ბელარუსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ფარული სამობილიზაციო ღონისძიებები. მინსკი თავის ტერიტორიას უთმობს რუსეთს, უკრაინის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებისა და თვითმფრინავების გაშვებისთვის.
გენერალ გრომოვის თქმით, ბელარუსის რესპუბლიკის აეროდრომებზე განლაგებულია რუსული MiG-31 - კლასის თვითმფრინავი, რომელიც "კინჟალის" ტიპის ბალისტიკური რაკეტით არის აღჭურვილი.
გასული კვირის ბოლოს ბელარუსში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" გამოცხადდა. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან" ინტერვიუში მიზეზად დაასახელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ცალკეული მოსაზღვრე სახელმწიფოების მხრიდან იგეგმება პროვოკაციები, დაკავშირებული ლამის ბელარუსის ტერიტორიის ცალკეული მონაკვეთების მიტაცებასთან“.
მაკეის განცხადებით, დღეს ბელარუსს საფრთხის უნდა ეშინოდეს ყველა მხრიდან, აღმოსავლეთის გარდა. ბელარუსს აღმოსავლეთიდან რუსეთი ესაზღვრება. ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნები არიან ასევე უკრაინა, პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია.
უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა, ნატოს და ევროკავშირის წევრი პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია კი, უკრაინის აქტიური მხარდამჭერები არიან.