თითქმის ორი წლის შემდეგ, დასასრულს უახლოვდება ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ფოტომოდელ ნელი (ნეკა) დოროყაშვილის სასამართლო პროცესი - განაჩენი უახლოეს დღეებშიც შეიძლება გამოცხადდეს.
ნიკოლოზ ბასილაშვილს, თავისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა ბრალდებოდა, თუმცა ძიების პროცესში პროკურატურამ ცნობილი ჩოგბურთელის მიმართ ბრალდება დააზუსტა და ახლა მას ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც პოლიციამ 2020 წლის 22 მაისს დააკავა, ხოლო 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მედიისთვის ვრცელი ინტერვიუ მას ჯერ არ მიუცია - თქვა, რომ სასამართლო პროცესების დასრულებამდე საჯაროდ არ ილაპარაკებს.
ნელი (ნეკა) დოროყაშვილმა სასამართლოზე ჩვენების მიცემის შემდეგ, მედიასთან დუმილი დაარღვია და ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრების დეტალებზე ილაპარაკა - რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუშიც ის ჰყვება ძალადობაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ითმენდა.
გვიყვება ამ თმენის მიზეზებზე, შიშებზე, რომლის გამოც იყო ჩუმად, სირცხვილზე, რომელსაც განიცდიდა. იმაზე, ბოლოს რამ გადააწყვეტინა სასამართლოში ჩივილი და რა გახდა მისთვის ამ დავის დაწყების მთავარი ბიძგი, რა სირთულეების გავლა მოუწია და გადის დღესაც და რად უღირს, როგორც თავად ამბობს, სიმართლის დამტკიცება საზოგადოებისთვის.
ადვოკატების მეშვეობით, ჩვენ ნიკოლოზ ბასილაშვილსაც ვთხოვეთ დაგროვილ შეკითხვებზე პასუხების გაცემის მიზნით ინტერვიუ, თუმცა ჯერ მისგან დასტური არ მიგვიღია.