Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა მერიის ის მაღალჩინოსანი, რომლის სამსახურმაც ვაკის პარკის შადრევანი ჩაიბარა


გიგა გიგაშვილი, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი
გიგა გიგაშვილი, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, გადაწყვეტილება მან თავად მიიღო.

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური იყო უწყება, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის სამუშაოები ჩაიბარა - შადრევნის გახსნის მეორე დღეს წყალში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. გიგა გიგაშვილის მოადგილე, რომელიც სამუშაოების ჩაბარებაში იყო ჩართული, გუშინ პოლიციამ დააკავა.

"დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე ამ ეტაპზე დაკავებულია. მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა, დავტოვო ჩემი თანამდებობა. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გაეცეს“, - განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

გიგა გიგაშვილის გადადგომა თანამდებობიდან შეაფასა პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ. მისი თქმით, ეს არის კალაძის მხრიდან პასუხისმგებლობის არიდების კიდევ ერთი მცდელობა.

“ექსპლუატაციაში უკვე მიღებულ ობიექტებთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურული სამუშაოების დამატებით განხორციელებას საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი თვითნებურად ვერ მიიღებდა. ამიტომაც ხელის შეხოცვა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელზე, პასუხისმგებლობის მასზე დაკისრება, ეს არის კალაძის მორიგი მცდელობა, გაექცეს პასუხისმგებლობას. ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან. ჩვენ ვითხოვთ, კალაძემ აიღოს პასუხისმგებლობა და ხელი არ შეახოცოს თანამშრომლებს”, - განაცხადა საბა ბუაძემ.

“ვაკის პარკის შადრევნის” საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, "გრინსერვის+-ის" და "მშენ-ექსპერტის" დირექტორები. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ითხოვენ, კახა კალაძემ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და მერის თანამდებობა დატოვოს.

გამოძიების ინფორმაციით, მერიის კონტრაქტორმა კომპანია "გრინსერვის+-მა", რომელიც ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებდა, ყალბი დასკვნა წარადგინა. ეს დასკვნა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ჩაიბარეს.

XS
SM
MD
LG