Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters-ი: ირანი რუსეთს რაკეტებისა და დრონების მიწოდებას დაჰპირდა


ირანული წარმოების "დრონი კამიკაძე"
ირანული წარმოების "დრონი კამიკაძე"

ირანის ხელისუფლება მოსკოვს დაჰპირდა, მიაწოდოს „ხმელეთი-ხმელეთი“ სისტემის რაკეტები, ასევე დრონების კიდევ ერთი პარტია გარდა იმისა, რაც უკვე გადასცა რუსეთს რამდენიმე კვირის წინ.

ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება თეირანში ოთხ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც ინფორმირებული არიან გარიგების თაობაზე. ორი მათგანი სახელმწიფო მოხელეა და ორი - ირანის დიპლომატი.

მათი თქმით, იარაღის მიყიდვისა და მიწოდების შესახებ შეთანხმება 6 ოქტომბერს იქნა მიღებული, როცა მოსკოვში იმყოფებოდნენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.

უკანასკნელ დრომდე ირანის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა ამ გარიგების შესახებ დასავლეთის მედიაში გამოჩენილ ცნობებს, რომლებიც დასავლეთის დაზვერვას ეყრდნობოდა.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში რუსეთის არმია დარტყმებს ახორციელებს უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასა და ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობის სისტემებზე. ამასთან, ამას სულ უფრო ხშირად აკეთებს ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით, ე.წ. დრონი კამიკაძეებით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთმა თეირანს დამატებით 4000 დრონი შეუკვეთა. ამიტომ მან ითხოვა, კიევს მიეწოდოს საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები.

XS
SM
MD
LG