Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ზელენსკის ცნობით, ერთ კვირაში რუსეთმა გაანადგურა უკრაინის ელექტროსადგურების 30%


რუსეთის სარაკეტო დარტყმით დანგრეული ელექტროსადგური ხარკოვის ოლქში
რუსეთის სარაკეტო დარტყმით დანგრეული ელექტროსადგური ხარკოვის ოლქში

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, 10 ოქტომბრიდან რუსეთმა გაანადგურა უკრაინის ელექტროსადგურების 30%, რამაც მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასობრივად გათიშვა გამოიწვია.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 18 ოქტომბერს ტვიტერზე წერს, რომ რუსეთის ტერორისტული აქტების ერთ-ერთი სახეობაა ენერგეტიკის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ დარჩა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქებზე მასირებული შეტევა 10 ოქტომბრიდან დაიწყეს. მათ შორის, ბოლო ერთ კვირაში ორჯერ განხორციელდა დარტყმა კიევზე, რომელსაც თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში აღარ უტევდნენ. რუსული ძალების ძირითადი სამიზნეა უკრაინის ენერგოობიექტები.

უკრაინა დასავლეთისგან ითხოვს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას. ამ სისტემის გაძლიერება იყო მთავარი საკითხი საკონტაქტო ჯგუფის მეექვსე შეხვედრაზე, რომელიც 11 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობს.

ბოლო დღეებში, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები გაუგზავნა ან გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ. მათ შორის არიან გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და საფრანგეთი. ამჟამად უკრაინა ელოდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ამერიკულ სისტემებს(NASAMS).

XS
SM
MD
LG