Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე გახშირებულ შეტევას უკავშირებს ბრძოლის ველზე რუსეთის მარცხს


უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის ადგილი კიევში. 2022 წლის 17 ოქტომბერი
უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის ადგილი კიევში. 2022 წლის 17 ოქტომბერი

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ყოველდღიურ ანალიზს დღეს, 18 ოქტომბერს მთლიანად უთმობს რუსეთის მიერ შორი მანძილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 10 ოქტომბრიდან გახშირებულ დარტყმებს. რუსეთი ამ მიზნით იყენებს ფრთოსან და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს და ირანისგან მიღებულ უპილოტო საფრენ აპარატებს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ძირითადი მიზანია უკრაინის ენერგოგამანაწილებელი ქსელისთვის ფართომასშტაბიანი ზიანის მიყენება. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, იმის გამო, რომ აგვისტოდან რუსეთი ბრძოლის ველზე მარცხს განიცდის, მზად არის უკრაინის სამხედრო ობიექტებთან ერთად დარტყმა მიაყენოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქებზე მასირებული შეტევა 10 ოქტომბრიდან დაიწყეს. მათ შორის, ბოლო ერთ კვირაში ორჯერ განხორციელდა დარტყმა კიევზე, რომელსაც თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში აღარ უტევდნენ. ბოლო თვეებში უკრაინის არმიამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ხარკოვის ოლქში, რომელიც რუსული ჯარისგან პრაქტიკულად, მთლიანად გაათავისუფლა. უკრაინელ სამხედროებს გარკვეული წინსვლა ჰქონდათ რუსეთის მიერ ანექსირებულად გამოცხადებულ დონბასსა და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.

რუსეთის მასირებული შეტევის გამო, უკრაინა ითხოვს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას. ამ სისტემის გაძლიერება იყო მთავარი საკითხი საკონტაქტო ჯგუფის მეექვსე შეხვედრაზე, რომელიც 11 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობს.

ბოლო დღეებში, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები გაუგზავნა ან გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ. მათ შორის არიან გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და საფრანგეთი. ამჟამად უკრაინა ელოდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ამერიკულ სისტემებს(NASAMS).

XS
SM
MD
LG