Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვივამედის" დირექტორი: მიხეილ სააკაშვილს ინტენსიური დაკვირვება არ სჭირდება


კლინიკა "ვივამედი"
კლინიკა "ვივამედი"

კლინიკა "ვივამედის" დირექტორი ნინო ნადირაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ინტენსიური დაკვირვება არ სჭირდება. მან "ტელეიმედის" ეთერში თქვა, რომ ოჯახის მიერ მოწვეულ სამედიცინო ექსპერტებს მათთან კომუნიკაცია არ აქვთ და ადვოკატების საჯარო პრეტენზიების მიუხედავად, მათ არავინ ეუბნება, "რა კეთდება არასწორად".

"შემიძლია ვთქვა, რომ პაციენტის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის მონაცემები გვაძლევს საშუალებას, რომ პაციენტი კვლავ აგრძელებდეს მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში. ის არ საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვებას, ინტენსიური თერაპიისა თუ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში გადაყვანას...

დიაგნოზებიც დასმულია, მკურნალობაც მიმდინარეობდა. ჩვენ, ფაქტობრივად, მისული ვართ რეაბილიტაციის ფაზისკენ. რეაბილიტოლოგზეც შევთავაზეთ - თუ სურდათ თავისი მოეყვანათ ან ჩვენ მოვიყვანთ. მათ გამოთქვეს სურვილი საკუთარის მოყვანის. ველით მის გამოჩენას", - თქვა კლინიკის ხელმძღვანელმა.

მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული არიან მისი ადვოკატები. ის მათ ურჩევს, სპეკულაციების დასასრულებლად სამედიცინო დასკვნები გაასაჯაროონ:

"ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ამიტომ, რაც არ უნდა გვლანძღონ, რომ ასეა, ისეა, დიაგნოზი არ არის, ჩვენ ვერაფერს ვიტყვით. მთელი დიაგნოსტიკური სპექტრი, რაც ჩავატარეთ, ყველა მიმართულებით აქვთ მათ ხელთ..."

ნინო ნადირაძემ ისაუბრა იმ მიზეზზეც, რაც ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებას.

"ეს შემთხვევა არის სხვა მხრივ ძალიან დატვირთული. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, რომ გაიგოთ: ვთქვათ, თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია რაღაცაზე, გყავთ არაჩვეულებრივი ექიმი, მკურნალობთ არაჩვეულებრივი წამლებით, მაგრამ ამ ალერგენს მუდმივად იყნოსავთ, ეხებით, მკურნალობა შედეგს ხომ ვერ გამოიღებს იმ ხარისხით, რაც საჭიროა?

მას აქვს სრული მიუღებლობა იმ მდგომარეობის, სადაც იმყოფება, რაც კატეგორიულად ამძიმებს დინამიკას, რომ სწრაფად აღდგეს ყველაფერი, მკურნალობას რომ ჰქონდეს ბევრად მეტი ეფექტი, რაც მას ექნებოდა თავისუფლების პირობებში...

[მიხეილ სააკაშვილს] აქვს კატეგორიული მიუღებლობა, ვერ შეეგუა იმ გარემოს. შეიძლება სადღაც გავუგოთ მას", - ამბობს კლინიკის დირექტორი.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. სააკაშვილი 12 მაისიდან მკურნალობს კლინიკა "ვივამედში".

XS
SM
MD
LG