Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალური ასამბლეის მიერ მოწონებული რეზოლუცია გმობს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოიწონა რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიის მცდელობას. რეზოლუციას გაეროს 193 წევრიდან მხარი დაუჭირა 143-მა. წინააღმდეგი იყო 5, მათ შორის - რუსეთი.

იმათ შორის, ვინც წინააღმდეგ მისცა ხმა, არიან ბელარუსი, ჩრდილოეთი კორეა, სირია და ნიკარაგუა. ერიტრეამ, რომელმაც ადრე წინააღმდეგ მისცა ხმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დამგმობ რეზოლუციაზე კენჭისყრისას, ამჯერად თავი შეიკავა.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნების უმრავლესობამ. 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის - ჩინეთმა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, სომხეთმა, ყაზახეთმა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რამდენიმე წევრმა. ზოგმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მაგალითად, აზერბაიჯანმა და ინდოეთმა. არგენტინამ, ბრაზილიამ, სერბეთმა, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, რომლებსაც რუსეთთან კარგი ურთიერთობები აქვთ, მხარი დაუჭირეს რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ეწოდება „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. გაეროს წესდების პრინციპების დაცვა“.

ადრე მსგავსი რეზოლუცია გაეროს უშიშროების საბჭომ უარყო რუსეთის ვეტოს გამო. ამიტომ პროექტი გენერალურმა ასამბლეამ განიხილა საგანგებო სხდომაზე. მანამდე მან არ დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნა ფარული კენჭისყრის თაობაზე.

რეზოლუციის მიხედვით, რეფერენდუმებს, რომლებიც 23-27 სექტემბერს ჩატარდა რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ უკრაინის ოთხ რეგიონში, არავითარი იურიდიული ძალა არა აქვთ და ვერ წარმოადგენენ საფუძველს ამ ტერიტორიების სტატუსის რაიმენაირი ცვლილებისთვის, მათ შორის - რუსეთის მიერ მათი ანექსიისთვის.

რუსეთის ხელისუფლებამ ეს რეგიონები, რომელთა ნაწილი უკრაინის კონტროლქვეშ რჩება, რუსეთის ნაწილად გამოაცხადა იმავე პროცედურით, რომლითაც 2014 წელს იქნა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული.

ახალ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 2 ქვეყნით მეტმა, ვიდრე გენერალური ასამბლეის 2 მარტის რეზოლუციას, რომელშიც დაგმობილი იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრა. მაშინ მათი რაოდენობა 141 იყო.

XS
SM
MD
LG