„არ ვიცი, ზამთარში, გათბობის გარეშე აქ როგორ ვიცხოვრო. აქ ცხოვრება მარტო ღირსების შემლახავი კი არა, სიცოცხლისთვისაა საშიში. ელექტროგაყვანილობა იმდენად ძველი და გაუმართავია, ხშირად ჩამრთველები ფეთქდება და ხანძრის გაჩენის საშიშროება დგება. კედლებს ბზარები აქვს და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს. არსებობისთვის საჭირო ხარჯების გამო, სწავლასთან ერთად მუშაობა მიწევს. ასეთ პირობებში ცხოვრება, მუშაობა და თან სწავლა, იმდენად დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წნეხთან არის დაკავშირებული, რომ ხშირად, სამსახურიდან დაბრუნებულს, იმის თავიც არ მაქვს, რომ ვიმეცადინო და სემინარისთვის მასალა მოვამზადო. ტრაგიკულია, რომ ჩვენი აზრის ღიად გამოხატვის გამო, ლექტორებისგან მხარდაჭერის ნაცვლად, ხშირად, აგრესიას ვიღებთ. ეს უბრალო სიტყვები არ არის, ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ჩემი წერილი ანონიმურია“.
ეს წერილი, უფრო ზუსტად კი ერთი აბზაცი ორგვერდიანი წერილიდან, ბაგების სტუდენტური საცხოვრებლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ სტუდენტს ეკუთვნის. მისი წერილი 12 ოქტომბერს, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეებზე გამართულ აქციაზე ხმამაღლა წაიკითხეს სტუდენტებმა, რომლებიც ექვს თვეზე მეტია უნივერსიტეტსა და ხელისუფლებას ღირსეულ საცხოვრებელს სთხოვენ.
დღეს უნივერსიტეტს ორი სტუდენტური საცხოვრებელი აქვს. ერთი ბაგებში, გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენებული კორპუსები, სადაც ცხოვრებისათვის უკიდურესად რთული პირობებია და მეორე - 2013-14 წლებში აშენებული საცხოვრებელი ლისზე. იქ გაცილებით უკეთესი პირობებია, თუმცა, შენობა მხოლოდ და მხოლოდ 320 სტუდენტზეა გათვლილი და ერთი თვის საფასური 150 ლარს შეადგენს. დაახლოებით 250-მდე სტუდენტს იტევს ბაგების სტუდქალაქი, სადაც ერთი თვის საფასური 50 ლარია.
დეა ბაკაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. 12 ოქტომბერს, სხვა სტუდენტებთან ერთად დეაც იდგა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეებზე და სხვებთან ერთად ისიც ითხოვდა სტუდენტებისათვის ღირსეულ საცხოვრებელს.
დეა რეგიონიდანაა. გაუმართლა და თბილისში, ნათესავთან ცხოვრობს. ნათესავი რომ არა, მასაც რეგიონიდან ჩამოსული სხვა სტუდენტების მსგავსად, ბინის დაქირავება მოუწევდა, რაც ბოლო თვეებში, ბინებზე გაზრდილი ფასების გამო, მას და მის ოჯახს მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვებოდა:
„გარკვეული პერიოდი მეც ვეძებდი ბინას. მიუხედავად იმისა, რომ შორიდან შეიძლება მარტივი ჩანდეს ბინის პოვნა, რეალურად, ეს ასე არ არის, რადგან ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების ფონზე, გასაქირავებელი ბინების ფასები საკმაოდ მაღალია. დაბალ ფასად კი ისეთ ბინას გთავაზობენ, სადაც ვერ იცხოვრებ. ჩვენ სტუდენტები ვართ, არ გვაქვს ისეთი შემოსავალი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ბინაც ვიქირავოთ, ვჭამოთ კიდეც. ამიტომ ვთხოვთ უნივერსიტეტსა და ხელისუფლებას, დადგეს ეს საკითხი მათ დღის წესრიგში“.
სტუდენტები ხელისუფლებას საბინაო სუბსიდიის დაწესებასაც სთხოვენ, რაც იმას გულისხმობს, რომ სტუდენტური საცხოვრებლის აშენებამდე, ის სტუდენტები, რომლებიც ბინების დაქირავებას ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებლით.
კიდევ ერთი მოთხოვნა, რასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე თვეებია უყენებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ეს რექტორის არჩევის წესის ცვლილებაა. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა უნივერსიტეტის ამჟამინდელმა რექტორმა გიორგი შერვაშიძემ.
ეს მოთხოვნა ისმოდა დღესაც უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეებზე ჩამომდგარი სტუდენტებისგან.
დღეს არსებული წესდების თანახმად, რექტორს ირჩევს 38 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიის შემადგენლობის უმრავლესობითა და 4 წლის ვადით. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ „38-წევრიანი კლანი“ უნივერსიტეტში ასრულებს პრივილეგირებული პოლიტიკური და ბიზნეს ელიტების დაკვეთებს და ამიტომ მოითხოვენ წესების ცვლილებას, რომლის თანახმადაც, რექტორს აირჩევს უნივერსიტეტის პროფესორთა სრული უმრავლესობა, პირდაპირი, ფარული კენჭისყრით.
თსუ-ს სტუდენტი და „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრი საბა ქერქაძე ფიქრობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს თანამდებობა მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც მან ვერ მოახერხა უნივერსიტეტში სტუდენტური პროტესტის კონტროლი და პროტესტის შედეგად იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ხელისუფლება მას დღის წესრიგში უყენებდა:
„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებას სურს ახალი რექტორის დანიშვნა, როგორც წინა ხელისუფლებებიდან მოყოლებული ხდებოდა. რათა აკონტროლონ სტუდენტების აზრი. ის აზრი, რომელსაც შეუძლია პროგრესის მოტანა. პოლიტიკური თუ ეკონომიკური ელიტა მაქსიმალურად ცდილობს შეზღუდოს უნივერსიტეტის ავტონომია. ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ მოჩვენებით პროცესს, როდესაც ცდილობენ, რომ მოიყვანონ ახალი რექტორი, მაგრამ „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ და სხვა სტუდენტები, უნდა გამოვიდეთ და ამ ადამიანებს გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვუთხრათ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით არსებულ რეალობას, ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს ახალი რექტორი, რადგან აკადემიური საბჭო არალეგიტიმური ორგანოა უნივერსიტეტში, რომელიც არ ითვალისწინებს სტუდენტების საჭიროებებს, რომელიც არ ითვალისწინებს მეცნიერების ინტერესებს სახელმწიფოში. ეს საბჭო ორიენტირებულია იმ პრივილეგირებული ჯგუფების ინტერესებზე, რომლებსაც დღეს სახელმწიფოში აქვს ძალაუფლება. ამიტომ უნდა გამოვიდეთ სტუდენტები, გავერთიანდეთ და დავუპირისპირდეთ არსებულ მახინჯ სისტემას, რომელიც გვიზღუდავს უფლებებს და რომელიც გვაყენებს ისეთ მდგომარეობაში, სადაც გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის“.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. თსუ-ს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 11 ოქტომბრის 10.00 საათზე და გაგრძელდება 13 ოქტომბრის 18.00 საათამდე. არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება.
კანდიდატების განაცხადების განხილვის შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს.
უნივერსიტეტის ცნობით, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. კანდიდატმა სხვა საბუთებთან ერთად უნდა წარადგინოს უნივერსიტეტის განვითარების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა.
რაც შეეხება ახალი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის პერსპექტივას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ნატა ასათიანის ინფორმაციით, 2019 წელს, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაგებში არსებული სტუდენტური საცხოვრებლის „გამაგრება-რეაბილიტაცია აზრს იყო მოკლებული“. აქედან გამომდინარე გადაწყდა ახალი საერთო საცხოვრებლის აშენება, თუმცა, პანდემიამ მშენებლობის დაწყებას ხელი შეუშალა:
„მაშინ გადაწყდა, რომ აშენებულიყო 3000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, რომელიც მოემსახურებოდა როგორც თსუ-ს სტუდენტებს, ისე ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტს და აქაც თსუ-მ გამოიჩინა სწორი პოზიცია და თქვა, რომ მე დაგითმობთ ჩემს ტერიტორიას, აქ აშენდეს საერთო საცხოვრებელი, რომელსაც ყველა უნივერსიტეტის სტუდენტები გამოიყენებენ. გამოცხადდა კონკურსი, გამოჩნდნენ ინვესტორებიც, თუმცა, დაიწყო პანდემია. ეს საცხოვრებელი უნდა აშენებულიყო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. პანდემიის პირობებში ინვესტორებმა ვერ გარისკეს თანხის გაღება“, - ეს კომენტარი ნატა ასათიანმა მიმდინარე წლის ივნისში მოგვცა.
მაშინ მან თქვა ისიც, რომ მუშავდებოდა სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის რამდენიმე ვერსია და უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვეტილიყო, აშენდებოდა მხოლოდ თსუ-ს სტუდენტებისთვის, დაახლოებით 1000 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი, თუ უფრო დიდი სტუდენტური საცხოვრებელი.
დღეს, იმ მიზეზით, რომ უნივერსიტეტი ახალი რექტორის მოლოდინშია, ამ საკითხზე კომენტარი არ კეთდება.