Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ მიიღო გერმანული სარაკეტო სისტემა IRIS-ი და კიდევ 4 ამერიკული HIMARS-ი


ამერიკული საარტილერიო სარაკეტო სისტემა(HIMARS)
ამერიკული საარტილერიო სარაკეტო სისტემა(HIMARS)

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ უკრაინამ გერმანიისგან მიიღო სარაკეტო სისტემები IRIS-T. მანამდე ეს ინფორმაცია გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა გაავრცელა.

რეზნიკოვი ტვიტერზე წერს, რომ უკრაინაში დაიწყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი ერა, უკრაინამ გერმანიისგან უკვე მიიღო სისტემები IRIS-T და მალე მიიღებს ამერიკულ სისტემებს NASAMS. თავდაცვის მინისტრი იმასაც წერს, რომ უკრაინას მეტი ასეთი საშუალება სჭირდება.

ოლექსი რეზნიკოვი მორალურ იმპერატივს უწოდებს უკრაინის ცის დაცვას ხალხის გადასარჩენად.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღეს კიდევ 4 საარტილერიო სარაკეტო სისტემაც (HIMARS). ოლექსი რეზნიკოვმა ტვიტერზე დაწერა, რომ „კარგი დროა უკრაინელებისთვის და ცუდი დრო - ოკუპანტებისთვის“.

თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს და ამერიკელ ხალხს. რეზნიკოვის განცხადებით, კარგი ახალი ამბებია საკონტაქტო ჯგუფის მეექვსე შეხვედრის წინ და დახმარება კიდევ უფრო მეტი იქნება.

15 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინას აშშ-ისგან, სხვა შეიარაღებასთან ერთად, მიღებული ჰქონდა 16 HIMARS-ი. უკრაინის არმია ამერიკულ სარაკეტო სისტემებს ეფექტიანად იყენებს რუსეთის ჯარებზე კონტრშეტევისას. პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 16.8 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

დღეს, 12 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მეექვსე შეხვედრა. ჯგუფს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობს.

საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის ფონია რუსეთის მიერ 10 ოქტომბრიდან გააქტიურებული სარაკეტო შეტევა უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე. კიევი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით დახმარების გაზრდას ითხოვს.

XS
SM
MD
LG