რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ არმიის გენერალი და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი სერგეი სუროვიკინი 8 ოქტომბერს დანიშნა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად. იქამდე სუროვიკინი მეთაურობდა რუსეთის ჯარების "სამხრეთის" დაჯგუფებას, რომელიც თვეების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა აზოვსტალის აღებას ყველა საშუალებით, მათ შორის საავიაციო ბომბებისა და ზალპური ცეცხლის სისტემების გამოყენებით. სერგეი სუროვიკინის დანიშვნამდე უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის თანამდებობა არ არსებობდა.
მასშტაბური ომის 222-ე დღეს, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების ხალიჩისებრ დაბომბვას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაიჭრა. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები. 75 რაკეტიდან, რომელიც რუსეთმა უკრაინას 10 ოქტომბრის დილას ესროლა, ნახევარზე მეტი- 41 საჰაერო თავდაცვამ ჰაერშივე გაანადგურა.
კიევისა და რეგიონების დაბომბვას, რასაც მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა 10 ოქტომბერს, უკვე უწოდეს „სარაკეტო ტერორი“. კრემლის მხარდამჭერთა იმედი, რომ შეტევა დააშინებდა როგორც უკრაინას, ასევე მის საერთაშორისო პარტნიორებს, არ მართლდება.