კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში გადაღებული მოზაიკის ფოტოებს, რომელზეც ასახულია მეთორმეტე საუკუნეში გაწყობილ ღვთისმშობლის მოზაიკაზე არსებული დაზიანებები.
ნიკა ვაჩეიშვილი წერს, რომ ტაძარში ჩასულმა წყალმა დააზიანა ღვთისმშობლის თვალის ქვეშ, ღაწვის მონაკვეთი და ამ ფაქტს საუკუნის დანაშაულს უწოდებს:
„ძალიან ცუდი ამბებია გელათიდან. დავით აღმაშენებლის დროს გაწყობილ ღმრთისმშობლის მოზაიკაზე დაიწყო ზედაპირის ცვენის პროცესი. ტაძარში ჩასული წყალმა მოაძრო წმინდა მარიამის თვალთან მონაკვეთი. ეს ყველაზე სუსტი ადგილი იყო მოზაიკაზე, ადრე ტონირებული, ამიტომაც ჯერ ის ჩამოვარდა. ლაქები გარშემოც გამოიკვეთა. ჩამოცვივდება სმალტებიც. ჩანს, რომ პროცესი ინტენსიურია“.
ნიკა ვაჩეიშვილი საქართველოს საპატრიარქოსა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართავს და რეაგირებისკენ მოუწოდებს.
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს სექტემბრის მიწურულს გამოეხმაურა და თქვა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, სადაც გადახურვის ხარვეზების გამო წყალი ჩადიოდა, კედლის მხატვრობის ჩამოცვენის რისკები აღარ არსებობს. მან "მინისტრის საათის" ფარგლებში პარლამენტში საუბრის დროს აღნიშნა, რომ საიმედო გეგმებია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაიხუროს მთავარი ტაძარი.
"მე უარს ვამბობ პასუხი ვაგო იმაზე, რაც ხდებოდა 2021 წლის მარტამდე [ჩვენი სამინისტროს ჩამოყალიბებამდე]. რაზეც ვაგებ პასუხს, ჩაგაბარებთ ანგარიშს.
პირველი ამოცანა იყო, მეკვლია და მერკვია, რა იყო მომხდარი. არ არსებობდა სრულყოფილი დოკუმენტი, თორემ დოკუმენტები ეყარა 2008 წლიდან მოყოლებული. არაფერი არ იყო გაკეთებული... ვერ ვიგებდით პროექტის შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა თუ მიღმა, მაგრამ ვხედავდით, რომ 2008 წლის პროექტი იყო ხარვეზიანი...
შარშან ივნისში დავიწყეთ წყლის შეღწევის მიზეზების კვლევა, რაც არ იყო მანამდე გაკეთებული. აღმოვაჩინეთ კირკიტის და ბევრი მცდელობის საფუძველზე... ვკითხულობდით, ჩატარებული ჰქონდა თუ არა იმ კრამიტს ექსპერტიზა, რომელიც თქვენ დააგეთ გელათზე. პასუხი იყო "დიახ". ვითხოვდი ამ დასკვნას, არ მოდიოდა და აღმოჩნდა, რომ არცერთ კრამიტს ექსპერტიზა არ ჰქონია ჩატარებული - არც წყლის შეღწევაზე, არც სიმტკიცეზე და არც სხვა იმ პარამეტრებზე, რაც კრამიტს სჭირდება, სანამ ძეგლს დაახურავ. ეს არის რეალობა, რომელზეც მე არ ვაპირებ პასუხი ვაგო", - განაცხადა თეა წულუკიანმა 22 სექტემბერს.
მე-12 საუკუნით დათარიღებული გელათის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კოორდინაციით, წლებია მიმდინარეობს. რეაბილიტაციისას, სახურავის გამოცვლის დროს, ცენტრალურ ტაძარში წყალი რამდენჯერმე ჩავიდა - დაზიანდა ჭერი, კედლები და უნიკალური ფრესკების ნაწილი.
ნიკა ვაჩეიშვილი ამბობს, რომ როგორც ხელისუფლება, ისე საპატრიარქო, მალავენ „მძიმე დასკვნას“ გელათის შესახებ.
"ჩემი ინფორმაციით, დასკვნაში გელათი კიდევ ერთხელ შეფასებულია, როგორც არაკომპეტენტურად ჩატარებული სამუშაოს გამო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი სიძველე, სადაც დაზიანების პროცესი დღესაც ინტენსიურად მიდის და ჩარევები კვლავ არაკომპეტენტურია! საპატრიარქო რატომღაც არ ელოდა ასეთ კატეგორიულ და მძიმე შეფასებას. ყველა დაიბნა. შედეგად დასკვნა გასაიდუმლოებულ იქნა. იგი კვლავ სახელმწიფო უწყებაში გადააგზავნეს, იღონეთ რამეო. დასკვნა დამალულია. მას არ აქვეყნებს არც საპატრიარქო, ეს სახელმწიფოსთან დაპირისპირებას ნიშნავს. და არ აქვეყნებს კულტურის სამინისტრო - სააგენტო, რომელმაც გელათი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. საკითხი რჩება საზოგადოების (თუკი ასეთი არსებობს) აქტიურობის იმედად, რომ მან აიძულოს ეს ორგანოები, გამოაქვეყნონ სიმართლე გელათზე. ამ მდგომარეობაში ვართ ახლა: ჩარაზული სიმართლე და არაკომპეტენტურობის დანაშაულებრივი ზეიმი! მოვითხოვ: გამოაქვეყნეთ გელათის შესახებ უცხოელი ექსპერტების დასკვნა. მისი დამალვა არანაკლები დანაშაულია! გელათი ელის შველას!" - აცხადებს ნიკა ვაჩეიშვილი.
2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავდა. ამასთან, იტალიელმა რესტავრატორმა შეიმუშავა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს".
იუნესკოს შეფასებით, ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებულმა კრამიტის სახურავმა და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა, დააზიანა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.